Kid A — ბრიტანული ალტერნატიული როკ-ჯგუფ Radiohead-ის მეოთხე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 2000 წლის 2 ოქტომბერს, ლეიბლზე Parlophone. იგი ჩაიწერა პროდიუსერ ნაიჯელ გოდრიჩის ხელმძღვანელობით. მსოფლიო მასშტაბით კომერციულად წარმატებულმა [13] ამ დისკმა ბრიტანეთში გამოსვლის პირველ კვირაში პლატინის სტატუსი მოიპოვა.[14] მიუხედავად იმისა, რომ ალბომიდან ოფიციალური სინგლი ან მუსიკალური ვიდეო არ გამოსულა, Kid A იქცა ჯგუფის პირველ ალბომად, რომელიც აშშ-ს ჩარტებში #1 ადგილზე მოხვდა.[15] წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უნიკალურმა მარკეტინგულმა კამპანიამ, ალბომის ინტერნეტში გაჟონვამ[16][17] და ჯგუფის 1997 წლის ალბომის OK Computer შემდგომ არსებულმა მოლოდინმა.[17]
გრემის დაჯილდოებაზე ალბომმა მოიპოვა ჯილდო საუკეთესო ალტერნატიული ალბომისთვის და ნომინირებული იყო წლის ალბომის კატეგორიაშიც. მან მოიპოვა აღიარება მსმენელთა წინაშე ანდერგრაუნდული მუსიკის სხვადასხვა ფორმების წარდგენისათვის.[18] მიუხედავად ჯგუფის ახალი მიმართულებისა, რომელმაც მას არა ერთი მსმენელი თუ კრიტიკოსი დააშორა,[18]Kid A-მ აღსანიშნავი მუსიკალური გამოცემებისგან ძირითადად დადებითი შეფასებები მიიღო.[23] სხვადასხვა გამოცემამ მას 2000-იანი წლების საუკეთესო ალბომი უწოდა და ყველა დროის უდიდეს ალბომებს შორის დაასახელა.
1999 წლის ბოლოს Radiohead-მა მომდევნო ალბომზე დაიწყო მუშაობა. მიუხედავად იმისა რომ ხმის ჩამწერი სტუდიისგან არც ზეწოლას და არც დაწესებულ ვადებს ჰქონია ადგილი, დაძაბულობა მაინც დიდი იყო. Radiohead-ის მომავალთან დაკავშირებით ჯგუფის ყველა წევრს განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა. საბოლოოდ, უკლებლივ ყველა შეთანხმდა ახალ მუსიკალურ მიმდინარეობაზე, რომელიც თავიდან გადაანაწილებდა როლებს ინსტრუმენტების გამოყენების მიხედვით. თავდაპირველად Radiohead-მა ცოცხალ შესრულებას დროებით თავი მიანება და პროდიუსერნაიჯელ გოდრიჩთან ერთად იზოლირებულად დაიწყო მოგზაურობა პარიზის, კოპენჰაგენისა და გლოჩესტერის სტუდიებში, სანამ, საბოლოოდ, ოქსფორდის ახალ სტუდიაში არ დასახლდა. აქ 40 ახლადჩაწერილი სიმღერა 30-მდე იქნა შემცირებული, რომლებიც შემდგომ ორ ალბომში და ბი-საიდებში იქნა წარმოდგენილი. OK Computer-ისგან განსხვავებით Radiohead-ის ახალ ტრეკებში ასახული მინიმალისტური სტრუქტურა (სასიმღერო ბგერათა გამეორება, ვიბრაცია) სრულიად განსხვავებულ სტილს სთავზობდა მსმენელს, სადაც გიტარის როლი ნაკლებად იყო წარმოჩენილი. სიმღერებს მრავალფეროვანი ინსტრუმენტალური დავირთვა აქვთ – ტრადიციული როკ-საშემსრულებლო კომპონენტების – გიტარის, ბასის, დოლისა და კლავიშების გვერდის ავლით Radiohead-მა დაიწყო ორგანის, დაპროგრამებული ელექტრონული ბითების, სტრინგისა და ჯაზისჩასაბერი ინსტრუმენტების გამოყენება. ჯონი გრინვუდმა – ჯგუფის ერთადერთმა წევრმა, რომელსაც თეორიულ მუსიკაში ჰქონდა მიღებული განათლება – სწორედ სტრინგის გამოყენებით ჩაწერა ცნობილი How to Disappear Completely, დორჩესტერის წმ. ჯონის სახელობის სააბატოორკესტრის დახმარებით, სადაც თავად გრინვუდმა ორგანის პარტია შეასრულა. აღსანიშნავია თანამედროვე ჯაზისა და ელექტრონიკის მეტად ორიგინალური შეხამება ტრეკში The National Anthem, სადაც ტომის განზრახვით, ჩარლზ მინგესის მიმსგავსებით ჩასაბერი ინსტრუმენტების პარტია დომინირებს. მისივე ინიციატვით, ჯონიმ ამ სიმღერაში უკიდურესად თავისუფალი ჟღერადობის მუსიკა შექმნა, რომელიც “სატრანსპორტო საცობს” ჰგავს. ასევეა Idioteque – ტრეკი სადაც ორივე გრინვუდმა ექსპერიმენტულ “სემპლინგს” (ამონაჭრები სხვადასხვა სტილის მუსიკიდან) მიმართა.
რაც შეეხება ლირიკას, ამ ალბომში ყველაზე ნაკლები შინაარსობრივი დატვირთვა სწორედ სიმღერის ტექსტებს აქვს. თავად იორკს ესიმპატიურებოდა აზრი, რომ მისი ხმა კიდევ ერთი ინსტრუმენტი იყო ჯგუფისთვის და ნაკლებად ენიჭებოდა წამყვანი როლი. შესაბამისად, ნაკლები აქცენტი გაკეთდა ტექსტებზე – ზოგი მათგანი სიზმრებისგან მოდიოდა, ზოგი ოცნებებისგან, ზოგიც თავად ჯგუფის წევრებისა და მათი მეგობრების რჩევებით იქმნებოდა (მაგალითად სიტყვები “If you try the best you can, the best you can is good enough” სიმღერიდან Optimisticიორკს თავისივე მეგობარმა გოგონამ რეიჩელ ოუენმა შთააგონა). ალბომის სახელწოდებას “Kid A” მრავალი ქვეტექსტი შეუთავსეს, მაგრამ თავად ჯგუფის ლიდერის განცხადებით, ეს ნებისმიერი რიგითობის ამსახველი დეფინიციაა, რაც კი თავში სპონტანურად შეიძლება მოუვიდეს ადამიანს. Radiohead-ის ამ პირველ ფსიქოდელიურ ალბომს შესაბამისი გარეკანი ამშვენებს – ისევდაისევ სტენლი დონვუდისა და “თჩოკის” (ტომ იორკის მეტსახელი) ფანტაზიით, მასზე გამოსახულია შემთხვევითი კომპიუტერული წესით შერჩეული მთა, რომლის ძირიც აბდაუბდა ნახატით არის “გაფუჭებული”, შუაში კი წითელი გუბეც მოჩანს (გამოხატავს ტერორისტთა და ომის შედეგად დაღუპული ადამიანების სისხლს). ეს სიმბოლურად ასახავს კოსოვოს1999 წლის ზამთრის ომს. ამ ალბომშიც ჩაიდო იორკისა და ჯგუფის დანარჩენი წევრების პოლიტიკური იდეოლოგია – დისკის ქვეშ მოთავსდა ბუკლეტი, რომელიც მოიცავდა პოლიტიკურ მოწოდებებსა და ბრიტანეთისპრემიერ-მინისტრის – ტონი ბლერის დემონურ პორტრეტს.
18 თვის შემდეგ, 2000 წლის აპრილში Kid A-ს ჩაწერა დასრულდა. იდუმალებისა და კლაუსტროფიული ელემენტების სინთეზმა შოკში ჩააგდო ინდუსტრიული სამყარო. მიუხედავად იმისა რომ ალბომის არც ერთი სინგლი არ გამოსულა, იქმნებოდა “ბლიფები” (ანიმაციური სახის კლიპები) და ე.წ. “ანტი-ვიდეოები” რეჟისორ კრის ბრანისა და ჯგუფის დიზაინერსტენლი დონვუდის მიერ. ყოველივე ეს უფასოდ ვრცელდებოდა ინტერნეტით. მუსიკალური ინდუსტრიის ბოსები გაოცებას ვერ მალავდნენ, რადგან ეს ყველაფერი ალბომის გაყიდვების დონეს მკვეთრად შეამცირებდა. ტომს სთხოვდნენ, დაბრუნებოდა ალტერნატიულ როკს და კომერციული მუსიკა შეექმნა. ყველაფერი პირიქით მოხდა – როცა ჯგუფი ბარსელონაში მართავდა კონცერტს, სამი კვირის შემდეგ ისრაელის კონცერტზე ხალხი უკვე ზეპირად მღეოდა Kid A-ს სიმღერებს. ალბომმა აშშ-სა და ბრიტანეთის ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა. ასევე მოწინავეთა შორის იყო საფრანგეთში, კანადაში, ირლანდიასა და ახალ ზელანდიაში. ამერიკული ბილბორდის სათავეში მოქცევამ კი Radiohead იმ იშვიათი თანამედროვე ბრიტანული ჯგუფების გვერდით დააყენა, რომლებმაც ამერიკულ ბაზარზე შეღწევა მოახერხეს. 2001 წელს Kid A-მ გრემი აიღო საუკეთესო ალტერნატიული ალბომისთვის. მრავალმა კრიტიკოსმა აღიარა Radiohead, უკვე როგორც მსოფლიო მნიშვნელობის ჯგუფი, თუმცა ახალი ალბომის წარმატებას მსოფლიო მასშტაბები არ მოუპოვებია. იყვნენ ისინიც ვინც Radiohead-ს მუსიკალური “ანდერგრაუნდის” სტილის მიმდევრებად მიიჩნევდა და ჯგუფის მიმართ გამოხატულ ქებას დაუმსახურებულად აფასებდა. Radiohead-ის თაყვანისმცემლებიც შესაბამისი ნიშნით დაიყვნენ – ისინი ვისაც თავზარი დასცა Kid A-მ და ისინი ვინც Kid A-ს Radiohead-ის საუკეთესო ნამუშევრად მოიაზრებდა.
*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით ^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები) გაყიდვები და ნაკადოვანი აუდიოს მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით