შპიგელი (ჟურნალი)
შპიგელი Der Spiegel | |
---|---|
ენა | გერმანული |
მთავარი რედაქტორი | ვოლფგანგ ბუხნერი |
პუბლიკაციის დეტალები | |
გამომცემელი | Spiegel-Verlag |
ქვეყანა | გერმანია |
გამოცემის სიხშირე | ყოველკვირეული |
ტიპი | ახალი ამბების ჟურნალი |
ISSN | 0038-7452 |
შპიგელი (გერმ. Der Spiegel — სარკე) — ევროპის უდიდესი და გერმანიის ყველაზე გავლენიანი ყოველკვირეული ჟურნალი, გამოდის ჰამბურგში და მისი ტირაჟი ერთ მილიონს აღემატება.
ჟურნალის პირველი გამოცემა ჰანოვერში დაიბეჭდა 1947 წლის 4 იანვარს, შაბათს. მანამდე, ჟურნალს მოკლე პრელუდია ჰქონდა სახელწოდებით Diese Woche (ეს კვირა), რომელიც 1946 წლის ნოემბრიდან რამდენიმეჯერ გამოიცა და ბრიტანეთის საოკუპაციო ადმინისტრაციის დაფინასებით იბეჭდებოდა. ბრიტანელებთან კონფლიქტის შემდეგ ჟურნალი გადაეცა მთავარ გერმანელ რედაქტორს რუდოლფ აუგშტაინს და შპიგელი დაერქვა. აუგშტაინი ჟურნალის მთავარი რედაქტორი გარდაცვალებამდე, 2002 წლის 7 ნოემბრამდე, დარჩა.
ჟურნალი 1950 წლიდან აუგშტაინისა და ჯონ ლარის მფლობელობაშია. 1962 წელს ლარის წილი რიჩარდ გრუნერმა გამოისყიდა. 1969 წელს აუგშტაინმა გრუნერის წილი იყიდა 42 მილიონ გერმანულ მარკად და ერთპიროვნული მფლობელი გახდა. 1971 წელს გრუნერ-ლარის კომპანიამ ისევ შეიძინა აქციათა 25%. 1974 წელს აუგშტაინი კომპანიის რესტრუქტურიზაციას ახდენს და თანამშრომლებს თანამფლობელებად ხდის. ყოველ თანამშრომელს, რომელიც ჟურნალში სამ წელზე მეტს დაჰყოფს, საშუალება ეძლევა მმართველი საბჭოს ასოცირებული წევრი გახდეს და ჟურნალის მენეჯმენტში მიიღოს მონაწილეობა.
1952 წლიდან შპიგელი ჰამბურგში ინაცვლებს. მას საკუთარი შენობა აქვს ქალაქის ცენტრში, პორტთან.
შპიგელი სტილითა და პრეზენტაციით ემსგავსება ამერიკულ ჟურნალებს ტაიმი და ნიუსუიკი, თუმცა გაცილებით უფრო ტევადი, ღრმა-გაანალიზებული სტატიები აქვს და ამით ატლანტიკ-მანზლის ან ბრიტანულ ეკონომისტს ჰგავს. გერმანიაში ის ცნობილია გამორჩეული, აკადემიური წერის სტილითა და უკიდურესი სიმძიმით. ტიპური გამოცემა 200 გვერდიანია მიუხედავად იმისა, რომ ყოველკვირეულია და რეკლამას მხოლოდ მოცულობის მესამედს უთმობს.
სკანდალები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შპიგელს პოლიტიკური არაეთიკურობის გამოვლენისა და სკანდალების დიდი ისტორია აქვს, რითაც დაიმსახურა "Sturmgeschütz der Demokratie" (დემოკრატიის დამბაჩა) წოდება. ფაქტობრივად ამ როლში შპიგელი ადრეული 1950-იანებიდან გამოდის, როცა ფედერალური მთავრობა იძულებული გახდა გამოეძიებინა შპიგელის ბრალდებები ზოგიერთ პარლამენტართა მოქრთამვაზე, რამაც ხელი შეუწყო დასავლეთ გერმანიის მთავრობის ფრანკფურტის ნაცვლად ბონში დაფუძნებას.
თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ინციდენტი, რომელმაც ჟურნალს დემოკრატიის დიდი სკანდალისტის სახელი დაუმკვიდრა იყო ე.წ. შპიგელის სკანდალი (1962). გერმანიის სამხედრო ძალების არადამაკმაყოფილებელ საომარ მდგომარეობაზე სტატიის გამოქვეყნების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა მემარჯვენე ფრანც იოზეფ შტრაუსმა შპიგელის წინააღმდეგ გამოძიების დაიწყო, რის გამოც პოლიციამ ჟურნალის რედაქციის ოფისი დაარბია, ხოლო რუდოლფ აუგშტაინი სხვა რედაქტორებთან ერთად დაპატიმრებულ იქნა ქვეყნის ღალატის ბრალდებით. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით ამის უფლება არ ჰქონდა, შტრაუსმა ასევე დააპატიმრებინა თავად სტატიის ავტორი კონრად აჰლერი, რომელიც იმჟამად ესპანეთში იმყოფებოდა შვებულებით. გამოძიება სწრაფად ჩავარდა არასაკმარის მტკიცებათა გამო და მთელმა კამპანიამ კანცლერი კონრად ადენაუერის კაბინეტის მძლავრი შერყევა გამოიწვია, შტრაუსის გადადგომასთან ერთად.
ეს ინციდენტი საყოველთაოდ განიხილებოდა, როგორც პრესის თავისუფლების შელახვა, ხოლო შპიგელი კი — ამ თავისუფლების ბასტიონი. მას შემდეგ შპიგელი მნიშვნელოვან როლს თამაშობს გერმანიის მთავრობაში სხვადასხვა პოლიტიკური მაქინაციებისა და ძალთა დაპირისპირებების გამოვლენაში.