შინაარსზე გადასვლა

წვრილმარცვალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წვრილმარცვალაქართული თეთრყურძნიანი სელექციური საღვინე ვაზის ჯიში.

გამოყვანილია ვასილ ბესტავაშვილის მიერ 1950 წელს შასლასა თეთრისა და გორული მწვანეს შეჯვარებით.

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მორგვალო ან მცირედ განივოვალური. ხუთნაკვთიანი, ღრმად დანაკვთული. ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა თხელ ჯაგრისებრია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი კონუსური, ზოგჯერ ცილინდრულ-კონუსური ფორმისაა, მოგრძო, საშუალო სიკუმსის ან კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მრგვალი, მომწვანო-მოყვითალო, მზის მხარეს მოყავისფრო ლაქებით. საშუალო სისქის კანი დაფარული აქვს თხელი ცვილისებრი ფიფქით. კანი ადვილად სცილდება რბილობს. რბილობი საშუალო სიმკვრივისა და საშუალო წვნიანია. წვენი ტკბილია, სასიამოვნო გემოთი.

ვაზი ძლიერი ზრდისა და უხვმოსავლიანია. საჰექტარო მოსავლიანობა 10 ტონაა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის პირველ ნახევარში შედის. ყურძნის სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 21%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7.1 გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის თეთრი მშრალი ღვინის დასამზადებლად.

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 563-564