შინაარსზე გადასვლა

რამბჰაი ბარნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რამბჰაი ბარნი
სიამის დედოფალი
კორონაცია: 25 თებერვალი, 1926
მმართ. დასაწყისი: 25 ნოემბერი, 1925
მმართ. დასასრული: 2 მარტი, 1935
წინამორბედი: ინდრასაკდი საჩი
მემკვიდრე: სირიკიტ კიტიაკარა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 20 დეკემბერი, 1904
დაბ. ადგილი: ბანგკოკი, სიამი
გარდ. თარიღი: 22 მაისი, 1984, (79 წლის)
გარდ. ადგილი: ბანგკოკი, ტაილანდი
მეუღლე: პრაჯადჰიპოკი
დინასტია: ჩაკრის დინასტია (ქორწინებით)
მამა: სვასტი სობჰანა
დედა: აბჰა ბარნი
რელიგია: ბუდიზმი
ხელმოწერა:

რამბჰაი ბარნი (ტაი. รำไพพรรณี), ფორმალურად პრინცესა რამბჰაი ბარნი სვასტივატანა (ტაი. รำไพพรรณี สวัสดิวัตน์; დ. 20 დეკემბერი, 1904 — გ. 22 მაისი, 1984) — სიამელი არისტოკრატი. სიამის დედოფალი 1926-1935 წლებში როგორც მეფე პრაჯადჰიპოკის მეუღლე და კონსორტი.

პრინცესა რამბჰაი ბარნი სვასტივატანა დაიბადა 1904 წლის 20 დეკემბერს ბანგკოკში, სიამის სამეფოში. იგი იყო სვასტივატანა-ვისიშთას პრინც სვასტი სობჰანასა და მისი მეუღლის, პრინცესა აბჰა ბარნის ქალიშვილი. მეტსახელად მას პრინცესა ნას ეძახდნენ. ორი წლის ასაკში იგი სამეფო კარზე გადავიდა, სადაც თვით დედოფლის ზედამხედველობის ქვეშ დაიწყო განათლების მიღება. ეს იმიტომ მოხდა, რომ მეფე ჩულალონგკორნის მეუღლე, დედოფალი საოვაბჰა ფონგსრი რამბჰაის ღვიძლი მამიდა იყო. ამის გამო მან ბავშვობა დუსიტის სამეფო სასახლეში გაატარა.

1910 წელს, მეფე ჩულალონგკორნის გარდაცვალების შემდეგ, იგი იძულებული გახდა დიდ სასახლეში გადასულიყო და სწავლა რაჯინის სკოლაში (დღეს მას „დედოფლების სკოლა“ ეწოდება) გაეგრძელებინა. ამ პერიოდში იგი ძალიან დაუახლოვდა თავის მამიდაშვილს, პრინც პრაჯადჰიპოკს. 1917 წელს პრინცესა რამბჰაიმ და პრინცმა პრაჯადჰიპოკმა სწავლა დაასრულეს, რის შემდეგაც მალევე დაქორწინდნენ. ამის შემდეგ წყვილი პრინცის ბანგკოკის რეზიდენციაში, კერძოდ კი სუხოთაის სასახლეში ცხოვრობდა.

დედოფალი რამბჰაი

1925 წელს რამბჰაის მაზლი, მეფე ვაჯირავუდჰი უვაჟოდ გარდაიცვალა, რის გამოც ტახტი მისმა უმცროსმა ძმამ, პრაჯადჰიპოკმა დაიკავა, რითაც რამბჰაი სიამის დედოფლად გვევლინება. მალევე, 1926 წლის 25 თებერვალს შედგა მათი მეფე-დედოფლად კურთხევის საზეიმო ცერემონიალი. პრაჯადჰიპოკი იყო სიამის ისტორიაში პირველი მეფე, რომელმაც უარყო პოლიგამია და მონოგამიური ქორწინების წესზე გადავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი მეორედ აღარ დაქორწინებულა. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ მათ ბავშვობაში ევროპული განათლება მიიღეს. ტახტზე ასვლის შემდეგ მათ დაიწყეს ევროპული ტანსაცმლის ჩაცმა და ევროპული ტრადიციების გადმოღება, რაც ხალხში უკმაყოფილებას იწვევდა.

მეფე-დედოფალმა თავიანთი ხანმოკლე მმართველობის უმეტესი ნაწილი დედაქალაქისგან შორს, საზღვაო კურორტზე გაატარეს. ამჟამად აქ დიდი ქალაქია გაშენებული, რომელსაც კლაი-კანგვონი ეწოდება (ეს ტაიზე ნიშნავს „შფოთვისგან შორს“). ეს ქალაქი სწორედ მათ დააარსეს და ააღორძინეს. 1932 წლის ივნისში სიამში რევოლუციამ იფეთქა, რომლის მონაწილენიც მეფეს აბსოლუტიზმის ნაცვლად კონსტიტუციურ მონარქიაზე გადასვლას სთხოვდნენ. ეს მოვლენა გარდამტეხი იყო მათი ცხოვრებისთვის, რადგან პრაჯადჰიპოკი დასთანხმდა მოსახლეობას და სიამში კონსტიტუციური მონარქია დამყარდა.

სიამის მეფე-დედოფალი

1933 წელს მეფე-დედოფალმა დატოვა ქვეყანა, რადგან პრაჯადჰიპოკის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა და იძულებული გახდა ოპერაციის გასაკეთებლად ლონდონში წასულიყო. მიუხედავად მანძილისა, მეფე მთავრობასთან კონტაქტს ტელეგრაფებისა და წერილების წყალობით არ წყვეტდა. მიუხედავად ამისა, მთავრობამ ისარგებლა მონარქის ქვეყანაში არ ყოფნით და 1935 წლის 2 მარტს პრაჯადჰიპოკს მეფობა ჩამოართვეს. ტახტზე მისი უმცროსი ძმისშვილი, მეფე ანანდა მაჰიდოლი ავიდა. ამის შემდეგ წყვილი ინგლისში დარჩა და სარის საგრაფოში მდიდრულ სასახლეში დაბინავდა.

ცხოვრება დევნილობაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სულ მალე წყვილს კენტის საგრაფოში მდებარე ბიდენდენის ვილაში გადასახლება მოუწია. აღსანიშნავია, რომ იქ ისინი მშვიდად და ჰარმონიულად ცხოვრობდნენ, რა დროსაც ხელი მიჰყვეს მებაღეობასა და ავტობიოგრაფიების წერას. 1938 წლიდან სამეფო წყვილი კვლავ სარში დაბრუნდა, თუმცა ამჯერად უკვე კომპტონის სასახლეში. წყვილს ხანგრძლივი ქორწინების მიუხედავად შვილი არ ჰყოლია, რის გამოც პრაჯადჰიპოკის ერთ-ერთი ძმის ჩვილი ბავშვი იშვილეს, რომელიც შემდგომში სამხედრო გახდა.

1940 წელს, მეორე მსოფლიო ომის პირობებში ინგლისის აქტიური დაბომბვის გამო წყვილი სარიდან დევონშირში, შედარებით პატარა სახლში გადავიდა საცხოვრებლად. აქ პრაჯადჰიპოკი 1941 წლის 30 მაისს გარდაიცვალა გულის უკმარისობით, 47 წლის ასაკში.

წინააღმდეგობათა ლიდერი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პრაბადჰიპოკი და რამბჰაი ბერლინში

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ რამბჰაი უფრო აქტიურად ჩაება პოლიტიკაში. 1941 წლის დეკემბერში იაპონიის იმპერია შეიჭრა და დაიპყრო სიამი. იაპონიამ ტაილანდი აიძულა ომი გამოეცხადებინა აშშ-სა და დიდი ბრიტანეთისთვის. ამგვარ ვითარებაში, საზღვარგარეთ მცხოვრებმა ტაილანდელებმა ჩამოაყალიბეს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ორგანიზაცია — „თავისუფალი ტაილანდი“, რომლის ლიდერიც დედოფალი რამბჰაი გახდა. მოძრაობას მალევე შეუერთდა მრავალი სტუდენტი, დიპლომატი და არისტოკრატი.

დედოფალი ამ ორგანიზაციის ოთხი ქალი წევრიდან ერთ-ერთი იყო, რომელიც აქტიურად იბრძოდა ტაილანდიდან იაპონიის ჯარების გასაყვანად. იგი ასევე აქტიურად მონაწილეობდა არასამთავრობო დავალებებში. დედოფალი დაეხმარა ორგანიზაციას ფონდისათვის ფულის შეგროვებასა და გავლენიანი მინისტრების მოზიდვაში.

დაბრუნება დაგარდაცვალება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დედოფალი რამბჰაი (მარჯვნივ) და ტაილანდის დედოფალი სირიკიტი (მარცხნივ) 1950 წელს

მას შემდეგ, რაც ტაილანდი იაპონელთა ჯარებისგან საბოლოოდ გაიწმინდა, 1949 წელს ადგილობრივმა მთავრობამ დახმარების გამო დედოფალს სამშობლოში დაბრუნების ნება დართო. დაბრუნების შემდეგ იგი განაგრძობდა აქტიურ არასამთავრობო მოღვაწეობასა და ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვას. მან მთელი დარჩენილი ცხოვრება სუხოთაის სასახლეში გაატარა, რომელიც ახალგაზრდობის ბედნიერ წლებს ახსენებდა. იგი სწორედ აქ, 1984 წლის 22 მაისს გარდაიცვალა, 79 წლის ასაკში. ანდერძისა და რელიგიური წესების მიხედვით მის სხეულს კრემაცია ჩაუტარდა და მისი ფერფლი დიდი სასახლის ბაღებში მიმოფანტეს.

  • 20 დეკემბერი, 1904 - 26 აგვისტო, 1917: მისი მოწყალე უდიდებულესობა პრინცესა რამბჰაი ბარნი სვასტივატანა;
  • 26 აგვისტო, 1917 - 26 ნოემბერი, 1925: მისი მოწყალე უდიდებულესობა პრინცესა რამბჰაი ბარნი, სუკჰოდაიას პრინცესა;
  • 26 ნოემბერი, 1925 - 2 მარტი, 1935: მისი უმაღლესობა დედოფალი;
  • 2 მარტი, 1935 - 22 მაისი, 1984: მისი უმაღლესობა დედოფალი რამბჰაი ბარნი;

დედოფლის სრული წოდება ასეთი იყო: სომდეტ ფრანანგჩო რამბჰაი ბარნი ფრაბორომარაჯინი (ტაი. สมเด็จพระนางเจ้ารำไพพรรณี พระบรมราชินี)

  • Stowe, Judith A. Siam Becomes Thailand: A Story of Intrigue. C. Hurst & Co. Publishers, 1991
  • Baker, Christopher John, & Phongpaichit, Pasuk. A History of Thailand. Cambridge University Press, 2005
  • "The London Gazette (12595)" (PDF). The London Gazette. 9 November 1988. Retrieved 23 November 2015.