ომის დოქტორი
ომის დოქტორი | |
---|---|
ომის დოქტორი ეპიზოდში „დოქტორის დღე" | |
შემქმნელი | სტივენ მოფატი |
მსახიობი | ჯონ ჰარტი |
ინფორმაცია | |
ზედმეტსახელ(ებ)ი | რენეგატი |
სახეობა/რასა | დროის მბრძანებელი |
სქესი | მამრობითი |
საცხოვრებელი | გალიფრეი |
ეროვნება | გალიფრეელი |
ომის დოქტორი[შ 1] (ინგლ. War Doctor) — დოქტორის ერთ-ერთი ინკარნაცია BBC-ის სამეცნიერო ფანტასტიკური სატელევიზიო პროგრამიდან Doctor Who. მიუხედავად იმისა, რომ შოუს ფიქციურ ქრონოლოგიაში ის წინ უსწრებს კრისტოფერ ეკლსტონის მეცხრე დოქტორს, ეკრანზე პირველად 8 წლის შემდეგ გამოჩნდა. ომის დოქტორის შექმნის იდეა ეკუთვნის სცენარისტსა და პროდიუსერს სტივენ მოფატს. მას სურდა, შოუს 50 წლისთავთან დაკავშირებით გადაღებულ სპეციალურ ეპიზოდში დოქტორის 3 ინკარნაცია ყოფილიყო და რადგან ეკლსტონმა პროექტი მიატოვა, ახალი პერსონაჟი შემოიყვანა.[5][6]
პროგრამის მიხედვით, დოქტორი არის რამდენიმე საუკუნის ხნის უცხოპლანეტელი, დროის მბრძანებელი პლანეტა გალიფრეიდან, რომელიც დროსა და სივრცეში მოგზაურობს ტარდისით, ხშირად კომპანიონებთან ერთად. როდესაც დოქტორი მძიმედ შავდება, მას შეუძლია, სხეულის რეგენერაცია მოახდინოს, მაგრამ შედეგად ეცვლება გარეგნობა და უყალიბდება ახალი პიროვნული შტრიხები. ასეთი სცენარის წყალობით ხანგრძლივი შოუს განმავლობაში დოქტორის სხვადასხვა ინკარნაციების როლი რამდენიმე მსახიობმა ითამაშა. ომის დოქტორი, რომელსაც ასე არ ეწოდება იმ ეპიზოდებში, რომლებშიც ჩნდება, წარმოდგენილია, როგორც დროის ომის მონაწილე დოქტორის ინკარნაცია. ის მერვე დოქტორის (პოლ მაკგანი) გააზრებული გადაწყვეტილების შედეგად გაჩნდა, მოინდომა რა სერიოზულად ჩაბმულიყო ომში. ამის გაკეთების გამო ომის დოქტორმა უარყო „დოქტორის" წოდება და ომის დასრულების შემდეგ მის მომდევნო ინკარნაციებს (ისევ დოქტორის წოდების მქონეებს) მის მიმართ აშკარა ზიზღი აქვთ. თუმცა 50 წლისთავის სპეციალურ ეპიზოდში „დოქტორის დღე" მეთერთმეტე დოქტორი, რომელსაც მეთ სმითი თამაშობს, აზრს იცვლის მასზე მას შემდეგ, რაც ომის ბოლო მომენტებს იხილავს.
სპეციალური ეპიზოდის სცენარის თავდაპირველ ვერსიაში მოფატს ჩაფიქრებული ჰქონდა, დროის ომის დამსრულებელი მეცხრე დოქტორი ყოფილიყო. თუმცა ის დარწმუნებული იყო, რომ კრისტოფერ ეკლსტონი როლზე დაბრუნებას არ დათანხმდებოდა, რაც გამართლდა. გარდა იმისა, რომ ამის შემდეგ ჩასვა პოლ მაკგანის მერვე დოქტორი - ინკარნაცია, რომელიც ომს ბოლოს მოუღებდა, დამატებით შექმნა დოქტორის მანამდე უცნობი ინკარნაცია, რამაც სცენარის გამრავალფეროვნებას და გაშლას შეუწყო ხელი.[7][8]
კოსტიუმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეპიზოდში „დოქტორის სახელი“ ჰარტის პერსონაჟი მოხუცი და ჭუჭყიანია, აცვია შელახული ყავისფერი ტყავის პალტო, რომელიც მეცხრე დოქტორის შავი ტყავის პალტოს ჰგავს, შიგნით კი მუქი ყავისფერი ჟილეტი, მსგავსად მერვე დოქტორისა. კოსტიუმების დიზაინერმა ჰოვარდ ბერდენმა აღნიშნა, რომ ჰარტის პერსონაჟი არის „ბნელი დოქტორი“, რომელიც მერვე და მეცხრე ინკარნაციებს შორის არსებობს.[9] „დოქტორის ღამის“ მოვლენებისას, მერვე დოქტორის რეგენერაციის შემდეგ, აშკარა ხდება, რომ ომის დოქტორი გაცილებით ახალგაზრდა იყო თავდაპირველ იერსახეში, ვიდრე დროის ომის მიწურულს.
ომის დოქტორი იყენებს ახალ ბგერით სახრახნისს, რომელიც წითლად ანათებს და მიაგავს მერვე დოქტორის სახრახნისს 1996 წლის ფილმიდან „დოქტორი ვინ", თუმცა უფრო მეტად ემთხვევა მესამე და მეოთხე დოქტორებისას.[10] ომის დოქტორი სახრახნისს ინახავს სავაზნე ჩანთაში, რომელიც თავდაპირველად ეკუთვნოდა ახალგაზრდა პილოტს სერიიდან „დოქტორის ღამე".
გამოჩენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ომის დოქტორი პირველად ჩნდება მეშვიდე სეზონის დასკვნით სერიაში „დოქტორის სახელი“, სადაც მეთერთმეტე დოქტორი (მეთ სმითი) და მისი კომპანიონი კლარა ოსვალდი (ჯენა-ლუის კოლმანი) დოქტორის დროის ხაზში არიან დატყვევებული. კლარა თვლის, რომ დოქტორის ყველა სახე აქვს ნანახი, მაგრამ ერთ-ერთი მათგანის ამოცნობას ვერ ახერხებს. დოქტორი (სმითი) უმხელს, რომ არსებობს მისი კიდევ ერთი ვერსია, მიუხედავად იმისა, რომ მას დოქტორის წოდების ტარების უფლება დაკარგული აქვს. როდესაც ფიგურა აცხადებს, რომ ის, რაც გააკეთა, იყო „არჩევნის გარეშე [...] მშვიდობისა და კეთილგონიერების სახელით“, დოქტორი, სანამ ის და კლარა სამყაროში დაბრუნდებიან, ირწმუნება, რომ ფიგურას არჩევანი დოქტორის სახელით არ გაუკეთებია.
ომის დოქტორის წარმოშობა ნაჩვენებია მინი-ეპიზოდში „დოქტორის ღამე“, რომელიც დროის ომის პერიოდს ეხება. მას შემდეგ, რაც მერვე დოქტორი (პოლ მაკგანი) კოსმოსური ხომალდის ავარიისას კვდება უდანაშაულო გოგონას გადარჩენის მცდელობისას, რომელიც უარს ამბობს დახმარებაზე, რადგან დროის მბრძანებლებსა და დალეკებს თანაბრად საზარლად თვლის ომისას გამოწვეული ზარალის გამო, მას დროებით აღადგენენ კარნის დობის წევრები და შთააგონებენ, ომში მიიღოს მონაწილეობა. დოქტორს მისცემენ ელექსირს, რომელიც გამოიწვევს რეგენერაციას მისი სასურველი ფორმით. იმ დასკვნით, რომ სამყაროს დოქტორი აღარ სჭირდება, ის მეომარი ხდება. ომის დოქტორად გარდასახვისას უარყოფს დოქტორის სახელს და პირველი სიტყვები, რასაც ამბობს, არის „დოქტორი აღარ არსებობს“.
50-ე წლისთავის სპეციალურ ეპიზოდში „დოქტორის დღე“ ომის დოქტორმა უკვე მრავალი წელი იბრძოლა დროის ომში და ასაკიც მნიშვნელოვნად მოემატა. ის იპარავს სუპერიარაღს, სახელად „მომენტს“ იმ მიზნით, რომ ყველა მეომარი გაანადგუროს თავისი სამშობლოს, გალიფრეის ჩათვლით. თუმცა აღმოჩნდება, რომ „მომენტს“ ცნობიერება აქვს და გამოყენებამდე საჭიროა ამ აქტის მორალურად დასაბუთება. „მომენტი“ ომის დოქტორს ესაუბრება მისი მომავალი კომპანიონის, როუზ ტაილერის „ცუდი მგლის“ ფორმაში. მიუხედავად იმისა, რომ მას შეუძლია დოქტორის სურვილის ასრულება, ის ომის დოქტორს აგზავნის მომავალში, რათა მეათე და მეთერთმეტე დოქტორებს (დევიდ ტენანტი და მეთ სმითი) შეხვდეს და საკუთარი თვალით იხილოს ის სევდა და სინანული, რომელსაც მომდევნო ინკარნაციები განიცდიან მისი ქმედების გამო. მათი ნახვის შედეგად ხერხდება ზაიგონების მიერ დედამიწის დაპყრობისა და ლონდონის განადგურების თავიდან აცილება, მაგრამ ომის დოქტორი გადაწყვეტს, რომ საჭიროა გალიფრეის განადგურება. ამ შეცდომის შედეგად გამოწვეული სინდისის ქენჯნა შემდეგ ინკარნაციებს მასზე გაცილებით უკეთეს პიროვნებებად აქცევს. მასთან ერთად წარსულში დაბრუნება და „მომენტის“ გააქტიურება მხოლოდ მეათე და მეთერთმეტე დოქტორებს შეუძლიათ, ეს უკანასკნელები კი აღნიშნავენ, რომ ახლა უკვე ომის დოქტორს აღიქვამენ „დოქტორად იმ დღეს, როცა სწორად მოქცევა შეუძლებელი იყო“. თუმცა იმის ხილვის შემდეგ, რა საშინელება მოყვა არკადიას დაცემას, დოქტორები იღებენ გადაწყვეტილებას, რომ „მომენტის“ გამოყენების შედეგად დაკარგული სიცოცხლე ის მსხვერპლია, რომლის გაღებაზეც ვერ დათანხმდებიან. ისინი აერთიანებენ თავიანთ რესურსებს და დოქტორის სხვადასხვა ინკარნაციების დახმარებით ცდილობენ გალიფრეის გადარჩენას მისი გაყინვით დროის კონკრეტულ მომენტში, რაც პლანეტის განადგურების ილუზიას ქმნის. წარმატებით ახერხებენ ასევე დალეკების მოტყუებას, რის შემდეგაც ისინი ერთმანეთს უხსნიან ცეცხლს და ნადგურდებიან. ომის დოქტორი თანხმდება იმაზე, რომ თავის დროში დაბრუნებისას დაივიწყებს ამ გმირულ ამბებს და იცხოვრებს მცდარი მოგონებებით, რომ თითქოს საკუთარი ხალხი დახოცა. მანამდე თავის მომავალ ინკარნაციებს მადლობას უხდის დახმარების გამო, რისი მეშვეობითაც ისევ „დოქტორი გახდა“. ტარდისში შესვლისას ის რეგენერაციას იწყებს და ხვდება, რომ მისი სხეული უფრო „წვრილი ხდება“, რაც გვაგონებს პირველი დოქტორის ფრაზას ეპიზოდიდან „მეათე პლანეტა“.
ომის დოქტორი გამოჩნდა BBC-ის ნოველაში „ომის ძრავები“, რომლის ავტორიც არის ჯორჯ მანი. წიგნში დეტალურად არის აღწერილი ის მოვლენები, რამაც დოქტორს გადააწყვეტინა, აემოქმედებინა „მომენტი“ ეპიზოდში „დოქტორის დღე“, მათ შორის მისი გადაწყვეტილება, წინ აღდგომოდა გაცოცხლებულ რასილონს და დროებითი კომპანიონის სიკვდილი, რომელიც ცდილობდა, დალეკებისთვის ხელი შეეშალა იარაღის შექმნაში და გალიფრეის ისტორიიდან წაშლაში. ომის დოქტორი ასევე ჩნდება სხვა ინკარნაციებთან ერთად 2014 წლის კოლექციაში „შექსპირის რვეულები“. მის ერთ-ერთ მოთხრობაში, სახელად „პროლოგში“, აღწერილია დროის ომის მოქმედებები და მისი ავტორია უილიამ შექსპირი.
შენიშვნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ეპიზოდებში „დოქტორის სახელი“ და „დოქტორის დღე“ ტიტრებში მოხსენიებულია, როგორც „დოქტორი“. ოფიციალური გაყიდვისას კი მითითებულია, როგორც „სხვა დოქტორი“.[1][2] თუმცა სერიაში „დოქტორის ღამე“ წარწერებში „ომის დოქტორი“ ეწოდება, ამ სახელს იყენებენ BBC და სტივენ მოფატიც.[3][4]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Merchandise Guide. (6 იანვარი, 2014) Doctor Who The Other Doctor 5″ Action Figure. The Doctor Who Site. ციტირების თარიღი: 24 აგვისტო, 2014.
- ↑ Merchandise Guide. (6 იანვარი 2014) The Other Doctor’s Sonic Screwdriver Pre Order Video. The Doctor Who Site. ციტირების თარიღი: 24 აგვისტო, 2014.
- ↑ სვიფტი, საიმონ. (24 ნოემბერი, 2013) Doctor Who: Steven Moffat clears up the whole Doctor regeneration problem... sort of. Metro. ციტირების თარიღი: 24 აგვისტო, 2014.
- ↑ Doctor Who - Timeline Photos. Doctor Who. Facebook (22 იანვარი, 2014). ციტირების თარიღი: 24 აგვისტო, 2014.
- ↑ Steven Moffat clears up confusion around the number of John Hurt's Doctor
- ↑ ‘Doctor Who’ 50th Anniversary Prequel Reveals ‘The War Doctor’; New Images Released. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-25. ციტირების თარიღი: 2014-08-10.
- ↑ What if Eccleston Had Returned for 50th?
- ↑ Doctor Who 50th Anniversary: The Day of the Doctor. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-04. ციტირების თარიღი: 2014-08-24.
- ↑ „Doctor Who's new adversary – the Prince of Wales“. The Daily Telegraph. 3 ივლისი, 2013. ციტირების თარიღი: 24 აგვისტო, 2013. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ The Other Doctor’s Sonic Screwdriver