მანტიური პლუმი
მანტიური პლუმი, მანტიური დიაპირი (ინგლ. plume — ჩირაღდანი) — დედამიწის მანტიის შედარებით ცხელი არე, რომელსაც პირველად მიახლოებაში აქვს სუბვერტიკალური კოლონის ფორმა სოკოსებრი ზედა ნაწილით. მანტიური პლუმი გამოვლინებულია სეისმური ტომოგრაფიის მეთოდის მეშვეობით. გადაჭიმულია ქვედა და ზედა მანტიის საზღვრიდან (სიღრმე დაახლოებით 660-670 კმ) ან მანტიისა და ბირთვის საზღვრიდან (სიღრმე 2980 კმ). ნავარაუდევია, რომ მანტიური პლუმის ფარგლებში მიმდინარეობს მანტიური სიღრმიდან ნივთიერების აზევება და სითბოს გამოტანა. აგრეთვე, მიჩნეულია, რომ მანტიური პლუმის სათავო ნაწილში ხდება მანტიური ნივთიერების ნაწილობრივი ლღობა და წარმოიქმნება მაგმურგენერირებადი არე ანუ ცხელი ლაქები.[1]
მაგმას, რომელიც წარმოიქმნება მანტიური პლუმის სათავო ნაწილში, ჩვეულებრივ გააჩნია ტუტე-ბაზალტური შედგენილობა. მანტიური პლუმის ლითოსფეროს ძირამდე მიღწევამდე მასზე ვლინდება ეგრეთ წოდებული პლუმური მაგმატიზმი: მიმდინარეობს ინტრუზიის შეჭრა დედამიწის ქერქსა და დედამიწის ქერქისა და მანტიის საზღვრის გასწვრივ (მაგმური ანდერპლეიტინგი), დედამიწის ზედაპირზე წარმოიქმნება ვულკანიზმის არე. მანტიური პლუმის თავზე, რომელიც იწევა კონტინენტური ლითოსფეროს ქვეშ, წარმოიქმნება კონტინენტების ტრაპული პროვინციები (ტუნგუსკის აღმოსავლეთ ციმბირში, დეკანის ინდოსტანის ნახევარკუნძულზე, პარანა სამხრეთ ამერიკაში, კარუ სამხრეთ აფრიკაში); მანტიურ პლუმზე, რომელიც აზევებულია ოკეანური ლითოსფეროს ფილების ქვეშ, წარმოიქმნება შიდაფილური ოკეანური ბაზალტური პლატოები დედამიწის ქერქის გაზრდილი (15-30 კმ) სიმძლავრით ან ვულკანური კუნძულების ჯაჭვებით. იმ შემთხვევაში როდესაც მანტიური პლუმი შეთანხმებულია ფილების დივერგენტულ საზღვრებთან ან ფილების სამმაგ შენაწევრებასთან მათზე წარმოიქმნება ოკეანური პლატო შუაოკეანურ ქედებზე გაზრდილი (30 კმ და მეტი) ოკეანური ქერქით (გრენლანდია-ფარერების პლატო, რომელიც წარმოიქმნა შუაატლანტიკურ ქედზე). პლუმური მაგმატიზმის გარდა, მანტიური პლუმის მოქმედებით აგრეთვე აიხსნება ზოგიერთი შიდაფილური ტექტონიკური პროცესები, მაგალითად, დედამიწის ქერქის შიდაფილური აზევებებისა და კონტინენტური რიფტული სისტემების წარმოქმნა. მეტად დიდი მანტიური პლუმები, რომლებსაც გააჩნიათ სიღრმული წარმოშობა, ეწოდებათ სუპერპლუმები.[1]
მანტიური პლუმები ადრეული არქეულიდან დაწყებული (დაახლოებით 3,5 მლრდ. წლის წინ) დიდ როლს თამაშობდნენ დედამიწის გეოდინამიკაში. არქეულისთვის ტიპური იყო ულტრაფუძე შედგენილობის პლუმური მაგმატიზმი. პლუმების ტექტონიკა, ფილების ტექტონიკასთან ერთად, განსაზღვრავს დედამიწის აგებულების, მისი რელიეფისა და შედგენილობის ცვლილებას.[1]
გეოქიმიური და იზოტოპური შესწავლილობის საფუძველზე კონტინენტური რიფტული ბაზალტების წარმოშობა დაკავშირებულია მანტიურ პლუმებთან ან სუბკონტინენტურ ლითოსფეროსთან, შესაძლებელია მაგმური კერის გენერაციაში ორივე მათგანი იყოს ჩართული. ცხელი ლაქები ეწოდება ვულკანურ პროვინციას, რომლის წარმოშობა დაკავშირებულია მანტიურ პლუმებთან. თანამედროვე ცხელი ლაქები ოკეანის ფსკერზე გამოხატული არიან წყალქვეშა ვულკანების, ვულკანური ქედების და ვულკანური მწკრივების სახით. მანტიური პლუმები ოკეანის ფსკერზე ქმნიან დადებით რელიეფს ან ქედებს; დამახასიათებელია დადებითი გრავიტაციული ანომალიები და სითბოს მაღალი ნაკადები. სეისმური ტომოგრაფიის ჭრილებზე აღინიშნება სეისმურად დაბალსიჩქარიანი დიაპირული ანომალური უბნები.[2]
პლუმების თეორია თავდაპირველად შემოგვთავაზა კანადელმა გეოფიზიკოსმა ჯონ ტუზო უილსონმა 1969 წელს. უილსონმა პლუმების კონცეფცია გამოიყენა ჰავაის კუნძულებთან მიმართებაში, რითაც ახსნა ჰავაის წყალქვეშა ქედის მთების ასაკის ზრდა.[3] მანტიური პლუმების კონცეფცია ეკუთვნის ამერიკელ გეოფიზიკოს უილიამ ჯეისონ მორგანს, რომლის მიხედვით მანტიის და ზედა ბირთვის საზღვრიდან მანტიურ აღმავალ დინებებს გადააქვთ სითბური ენერგია თერმული დიაპირების სახით, რომლებიც ლითოსფეროსთან შეხებისას განაპირობებენ მის დაძაბულობას, დეფორმაციას, ნაწილობრივ ლღობას და დესტრუქციას.[2]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Condie K. C. Mantle plumes and their record in earth history. Camb., 2001.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Мантийный плюм // Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-12. ციტირების თარიღი: 2019-09-12.
- ↑ 2.0 2.1 სადრაძე, ნინო, კონტინენტური კოლიზიის ზონის გეოდინამიკა სამხრეთ საქართველოს (ჯავახეთი და მიმდებარე არეები) კოლიზიისშემდგომი ვულკანიზმის ევოლუციის მაგალითზე, თბ., 136 გვ., 2015
- ↑ Wilson, J. T. A Possible Origin of the Hawaiian Islands