მადრიგალი
მადრიგალი (იტალ. madrigale) — აღორძინების ეპოქაში გავრცელებული საერო მუსიკალურ-პოეტური ჟანრი. მისი საწყისები ძველი იტალიური მწყემსური სიმღერებიდან მოდის. გაჩნდა XIV საუკუნეში პროფესიულ იტალიურ მუსიკაში როგორც იდილიური შინაარსის სასიმღერო ლირიკული სახე. ადრინდელი მუსიკალური პოეტური მადრიგალი იყო კუპლეტური ფორმის 2-3 ხმიანი ხმიერ-საკრავიერი ნაწარმოები ლირიკულ-სატრფიალო, სახუმარო-ყოფითი ან მითოლოგიური ხასიათის რეფრენით (ჯ. და ფირენცო, ფ. ლანდინო). XVI საუკუნეში მადრიგალი აღორძინდა ლირიკული 4-5 ხმიანი სიმღერის სახით (ა. ვილარტი, კ. ფესტა, პალესტრინა, ო. ლასო) პეტრარკას, ბოკაჩოს, ტასოს ლექსებზე. სრულდებოდა საკრავიერი თანხლების გარეშე. იტალიის გარდა მადრიგალმა პოპულარობა მოიპოვა ინგლისსა და გერმანიაში. სრულყოფილ მადრიგალს ახასიათებს აზრისა და გრძნობის თავისუფლება, გამომსახველობითი ხერხების სიუხვე, თამამი დისონანსები, ქრომატიზმები, რიტმისა და ფაქტურის მკვეთრი კონტრასტები. XVI-XVII საუკუნეების მიჯნაზე მადრიგალი დაუახლოვდა საკონცერტო და დრამატულ ჟანრებს,საფუძვლად დაედო მადრიგალურ კომედიას. XVII საუკუნიდან მადრიგალს ჩამოსცილდა მუსიკა. იგი ქალისადმი მიძღვნილ მცირე ზომის ლექს-ქათინაურად იქცა. ქართულ ლიტერატურაში მადრიგალის ნიმუშია ნიკოლოზ ბარათაშვილის „საყურე“, იოსებ გრიშაშვილის „ელისაბედ ჩერქეზიშვილის საღამო“, „რა კარგი ხარ, რა კარგი“ და სხვა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 343.