შინაარსზე გადასვლა

ლადოგის ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლადოგის ტბა
ლადოგის ტბა
ლადოგის ტბა
კოორდინატები: 60°45′ ჩ. გ. 31°30′ ა. გ. / 60.750° ჩ. გ. 31.500° ა. გ. / 60.750; 31.500
მდებარეობა რუსეთის დროშა რუსეთი
სიგრძე 219 კმ
სიგანე 138 კმ
ფართობი 18.135 კმ²
მოცულობა 908 კმ³
სანაპირო ზოლის სიგრძე 1570 კმ
საშუალო სიღრმე 51 
მაქსიმალური სიღრმე 230 
მარილიანობა 0,06 
აუზის ფართობი 276 ათ. კმ²
გამომდინარე მდინარე ნევა
ლადოგის ტბა — რუსეთი
ლადოგის ტბა

ლადოგის ტბა (რუს. Ладожское озеро) — ტბა რუსეთის ევროპულ ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ლენინგრადის ოლქში. უდიდესია ევროპაში ფართობით 17 700 კმ² (კუნძულებიანად 18.135 კმ²), სიგრძე 219 კმ, საშუალო სიგანე 83 მ, საშუალო სიღრმე 51 მ, მაქსიმალური 230 მ; წყლის მოცულობა 908 კმ3. აუზის ფართობი 276 ათასი კმ². ლადოგის ტბის ქვაბული ტექტონიკური წარმოშობისაა და გარდაქმნილია მყინვარების მიერ. ჩრდილოეთ ნაპირი მაღალი, კლდოვანი, შეჭრილ-შემოჭრილია და დაფარულია ტყით; სამხრეთი — დაბალი და სუსტად დანაწევრებული. ლადოგის ტბაში 660-მდე კუნძულია, დიდი კუნძულებია: რისკალანსარი, მანტსინსარი, კილპოლა, ტულოლანსარი, ვალაამი. ტბაში ჩადის მდინარეები: ვოლხოვი, სვირი, ვუოქსა. გამოდის მდინარე ნევა. წყლის დონის რყევა წლის განმავლობაში საშუალოდ 0,8 მ-ია, უდიდესი - 3 მ-მდე (ივნისსა და ნოემბერში). ღელვის დროს ტალღების სიმაღლე 3 მეტრს აღემატება. შემოდგომაზე ხშირია შტორმი. იცის სეიშები. დინებები ქარისმიერია.

ლადოგის ტბის ზედაპირზე წყლის ტემპერატურა აგვისტოში დაახლოებით 16 °C, მაქსიმალური 25 °C-მდე. ფსკერისპირა წყლის ფენის ტემპერატურა ზამთარში 2-დან 2,5 °C-მდეა, ზაფხულობით 4-5 °C. სანაპირო და ყურეები იყინება დეკემბრის დასაწყისში. ცენტრალური ნაწილი კი იანვარ-თებერვალში. ყინულის საშუალო სისქე 50-60 სმ-ს უდრის, უდიდესი 90-100 სმ. ყინულძვრა ტბის ცენტრალურ ნაწილში მარტში და აპრილის დასაწყისშია. წყლის საშუალო გამჭვირვალობა ცენტრალურ ნაწილში 4,5 მ, უდიდესი - 8 - 10 მ. წყალი მტკნარია. ტბა მდიდარია თევზით: ორაგული, კალმახი, სიგი, ჭაფალა, ფარგა, კაპარჭინა, ქორჭილა, თართი და სხვა. გვხვდება სელაპიც.

ლადოგის ტბა სანაოსნოა და ვოლგა-ბალტიის გზის ნაწილია. სამხრეთ სანაპიროს გასწვრივ მდინარე სვირიდან ნევამდე გაყვანილია სანაოსნო შემომვლები არხი. ტბის ნაპირებზეა ქალაქები: პრიოზერსკი, პეტროკრეპოსტი, ნოვაია-ლადოგა, სორტავალა. ძველად ტბას ნევო ეწოდებოდა. XIII საუკუნეში დაარქვეს ძველი რუსული ქალაქის ლადოგის (IX ს.) სახელი.