კამპოფორმიოს ზავი
კამპოფორმიოს ზავი — ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს 1797 წლის 17 ოქტომბერს იტალიის სოფელ კამპოფორმიოს მახლობლად გრაფმა ლუდვიგ კობენცლმა და გენერალმა ბონაპარტმა. კამპოფორმიოს ზავით დამთავრდა საფრანგეთის რესპუბლიკის ომი ავსტრიასთან და გააფორმდა ავსტრიის გამოსვლა პირველი ანტიფრანგული კოალიციიდან. ავსტრია ცნობდა საფრანგეთის უფლებებს დაპყრობილ ტერიტორიებზე, ციზალპიურ რესპუბლიკის შექმნას, თანახმა იყო ხელი შეეწყო საფრანგეთისათვის რაინის მარცხენა ნაპირის მიწებზე დამკვიდრებაში. კამპოფორმიოს ზავით საფრანგეთის ხელში გადადიოდა გაუქმებული ვენეციის რესპუბლიკა. კუთვნილი იონიის კუნძულები და ალბანეთის ტერიტორიის ნაწილი. ავსტრია საკომპესაციოდ იღებდა ზალცბურგს, ბავარიის მიწების ნაწილს, კამპოფორმიოს ზავით ლიკვიდირებული ვენეციის რესპუბლიკის ტერიტორიის დიდ ნაწილს.
1796-1797 წლებში ანტიფრანგულ კოალიციას სასიკვდილო დარტყმა მიაყენა ნაპოლეონ ბონაპარტმა, რომელმაც თავისი იტალიური ლაშქრობისას (1796-1797წწ.) ავსტრიელთა ყველა არმია გაანადგურა, რომელიც კი მის წინააღმდეგ გამოგზავნეს. სამხედრო ნიჭის გარდა, მან დიპლომატიური უნარიც გამოამჟღავნა. ლაშქრობის პერიოდში მან განსაზღვრა, რომ საჭირო იყო მოწინააღმდეგი ძალების დაქუცმაცება და 1796წ. აპრილშივე აიძულა პიემონტის სამეფო, სეპარატული ზავი დაედო მასთან (28 აპრილი. საბოლოო ზავი დაიდო პარიზში 1796წ. 15 მაისს). ამ ზავის თანახმად, პიემონტის მეფე ვიქტორ-ამადეი იძულებული გახდა, დაეთმო საფრანგეთისათვის ნიცა, სავოია, ორი საუკეთესო ციხე-სიმაგრე, გარკვეული შესწორებები მიეღო საზღვარზე (რასაკვირველია, საფრანგეთის სასარგებლოდ), აეღო ვალდებულება საფრანგეთის არმიის პროვიანტით მომარაგებაზე და თავის ტერიტორიაზე მხოლოდ ფრანგული ჯარების გატარებაზე. ეს ნაპოლეონის მნიშვნელოვანი დიპლომატიური წარმატება იყო.
1796-97 წლებში ნაპოლეონმა იმდენი მარცხი აგემა ავსტრიელებს, რომ მათ, ბოლოსდაბოლოს, ჯარებიც კი არ დარჩათ მის წინააღმდეგ გამოსაგზავნად. მაშინ მათ მოლაპარაკებებზე წასვლა გადაწყვიტეს. 1797წ. აპრილში დაიდო ლეობენის დაზავება, თუმცა ეს ომის დასრულებას არ ნიშნავდა. შემდგომში ზავის პირობების დასადგენად ნაპოლეონთა მოსალაპარაკებლად გამოგზავნილი იქნა იმპერიის საუკეთესო დიპლომატი გრაფი კობენცლი. სწორედ აქ გამომჟღავნდა ნაპოლეონის დიდი დიპლომატიური ნიჭი. კობენცლი წერდა იმპერატორ ფრანც I-ს, რომ მას არასდროს შეხვედრია ასეთი მეწვრილმანე და უსინდისო ადამიანი. საქმე ის იყო, რომ ნაპოლეონი თავისთვის მნიშვნელოვან პუნქტებში არანაირ დათმობებზე არ მიდიოდა. მოლაპარაკებები გაჭიანურდა. ავსტრიელები არ თმობდნენ პოზიციებს და მაშინ ნაპოლეონმა ბრწყინვალე დიპლომატიური ნაბიჯით მიაღწია წარმატებას. მან მოულოდნელად გაითამაშა გაცოფების სცენა და დაამსხვრია ძვირფასი სერვიზი, რომელიც კობენცლისათვის ეკატერინე II-ს ჰქონდა ნაჩუქარი და დაემუქრა, რომ უმალ დასძრავდა არმიას ვენისაკენ, რომელიც ფაქტობრივად დაუცველი იყო. კობენცლს იმდენად შეეშინდა, რომ მეორე დღეს სასწრაფოდ დათანხმდა ნაპოლეონის ყველა მოთხოვნას და დაიდო ზავი (1797წ. 17 ოქტომბერი), რომელმაც კამპო-ფორმიოს ზავის სახელწოდება მიიღო (მიუხედავად ამგვარი სახელწოდებისა, ზავი სინამდვილეში გაფორმდა პასარიანოში, ნაპოლეონის შტაბ-ბინაში. გარდა პასარიანოსი, მოლაპარაკებები მიმდინარეობდა აგრეთვე უდინეში, სადაც კობენცლი იყო დაბინავებული. კამპო-ფორმიო იყო პასარიანოსა და უდინეს შორის, ამიტომაც ის იქნა შერჩეული ზავის გასაფორმებლად, მაგრამ რადგანაც კობენცლს ძალიან ეჩქარებოდა და კამპო-ფორმიოში არც ერთი ნორმალური შენობა არ იდგა, ცერემონია პასარიანოშივე შედგა). ამ ზავის თანახმად ავსტრიამ ბელგიის სანაცვლოდ მიიღო ვენეცია, ისტრია და დალმაცია, ხოლო საფრანგეთმა მიიღო პიემონტი, სადაც დამხობილი იქნა სავოელთა დინასტია, იონიის კ-ბი და ბელგია. გარდა ამისა, ნაპოლეონის მოთხოვნით ლომბარდია იქცა ცისალპურ რესპუბლიკად, გენუა - ლიგურიის რესპუბლიკად, ხოლო ნეაპოლსა და რომში ფრანგული ჯარები დადგნენ. ფაქტობრივად მთელი ეს ტერიტორია საფრანგეთის გავლენის ქვეშ მოექცა. საგანგებო მუხლით ავსტრიელებმა გაათავისუფლეს მარკიზი დე ლაფაიეტი, რომელიც 1792 წლიდან პატიმრობაში ჰყავდათ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 352.
- დიპლომატიური ურთიერთობები საფრანგეთის ბურჟუაზიული რესპუბლიკისა და ნაპოლეონის ომების პერიოდში, გვ. 7