შინაარსზე გადასვლა

იო (თანამგზავრი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იო (მრავალმნიშვნელოვანი).
იო

იო (ბერძ. Ιώ), იუპიტერ Iციური სხეული, პლანეტა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი, რომელიც შედის გალილეისეულ თანამგზავრთა ჯგუფში. მისი დიამეტრი 3642 კილომეტრია, რის გამოც მას მეოთხე ადგილი უკავია თანამგზავრებს შორის მზის სისტემაში. იოს ხილული ვარსკვლავიერი სიდიდე საშუალო ოპოზიციაში 4.8-ია; პლანეტიდან საშუალო დაშორებაა — 421.6 ათასი კმ; გარემოქცევის სიდერული პერიოდი — 0.76914 დღე-ღამეა; დიამეტრი — 3642 კმ. გამოირჩევა მძლავრი ვულკანური აქტივობით.

იო აღმოაჩინა გალილეო გალილეიმ 1610 წელს, მისი ისტორიაში პირველი ტელესკოპის მეშვეობით. თანამგზავრის აღმოჩენაზე პრეტენზიას ასევე აცხადებდა გერმანელი ასტრონომი სიმონ მარიუსი, რომელიც იოს 1609 წელს აკვირდებოდა, თუმცა ეს აღმოჩენა დროულად ვერ გამოქვეყნდა.

სახელწოდება „იო“ შემოთავაზებული იქნა სწორედ მარიუსის მიერ 1614 წელს, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში არ გამოიყენებოდა. გალილეიმ მის მიერ აღმოჩენილი ოთხი თანამგზავრი „მედიჩის პლანეტებით“ მოიხსენია და მათ მიმდევრობის მიხედვით ნომრები მიუჩინა. იო აღინიშნებოდა, როგორც იუპიტერის პირველი თანამგზავრი. სახელწოდება „იო“ საყოველთაო მხოლოდ XX საუკუნის შუა წლებიდან გახდა.

თანამგზავრის სახელი მომდინარეობს ბერძნული მითოლოგიდან, ზევსის სატრფოს იოს სახელიდან.