თორინ მუხისფარი
თორინ მუხისფარი | |
---|---|
სხვა სახელები | მთისქვეშეთის მეფე, დურინის ხალხის მეფე |
წოდებები | თორინ II მუხისფარი |
ბიოგრაფიული ცნობები | |
რასა | ჯუჯა |
ნაწარმოები |
ჰობიტი (1937) მეფის დაბრუნება (1955) |
თორინ მუხისფარი, ძე თრაინისა, ძისა თრორისა, მთისქვეშეთის მეფისა (ინგლ. Thorin Oakenshield) — პერსონაჟი ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში და ერთ-ერთი ძირითადი პერსონაჟი რომანში „ჰობიტი“. აგრეთვე ნახსენებია რომანის „ბეჭდების მბრძანებელი“ მესამე ტომში, „მეფის დაბრუნება“.
თორინი აღწერილია, როგორც ჯუჯა, რომელმაც სხვა ერთგულ ჯუჯებთან და ბილბო ბეგინსთან ერთად დალაშქრა ერებორი და დაიბრუნა დრაკონ სმაუგის მიერ მიტაცებული ჯუჯების განძი.
პიტერ ჯექსონის კინოტრილოგიაში „ჰობიტი“ თორინის როლს ასრულებს მსახიობი რიჩარდ არმიტიჯი.
ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თორინი დაიბადა მესამე ეპოქის 2746 წელს. მის მამას თრაინი ერქვა. თორინი, უმცროსი ძმა ფრერინი და და, რომელსაც დისი ერქვა, მარტოსულ მთაში ცხოვრობდნენ. იქ მათი პაპა თრორი მართავდა მთისქვეშეთის სამეფოს. ახალგაზრდობაში თორინი თავგადასავლების მოყვარული იყო.
თორინის ოჯახი, სმაუგის გამოჩენის შემდეგ დროებით დუნლანდში დასახლდა. 2790 წელს თრორი მორიაში გადავიდა, მაგრამ მოკლული იქნა ორკთა ბელად აზოგის მიერ. თორინი მონაწილეობდა ამ და სხვა ბრძოლებში და მიენიჭა მრისხანე სახელი - მუხისფარი. 2799 წელს აზანულბიზარის ბრძოლისას მისი ძმა მოკლეს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ჯუჯები გამარჯვებულები დარჩნენ. თუმცა, კჰაზად-დუმი მათ მფლობელობაში არ გადასულა, ვინაიდან მეფე დაინისგან იცოდნენ, რომ დურინის წყევლა, დიდი ბალროგი, კვლავ იმალებოდა მთაში.
2841 წელს თორინი და მამამისი თრაინი დუნლანდში დაბრუნდნენ და ერიადორში იმოგზაურეს. ლურჯ მთებში ისინი 2802 წელს დასახლდნენ. იქ ისინი ლითონსა და ოქროს ამუშავებდნენ.
2841 წელს თრაინმა გადაწყვიტა განძის დაბრუნება, მაგრამ გზად მარტოსული მთისკენ საურონის ციხესიმაგრე დოლ გულდურში იქნა გამომწყვდეული, სადაც სასიკვდილოდ აწამეს. ჯადოსანმა განდალფმა შეძლო მისგან სიკვდილის წინ რუკისა და მთის საიდუმლო კარის გასაღების მიღება.
2941 წლის 15 მარტს თორინი ბრუნდებოდა ერთ-ერთი მოგზაურობიდან, როდესაც სერში შეხვდა განდალფს. მან მიიწვია ჯადოსანი სტუმრად, ლურჯ მთებში. განდალფი დათანხმდა, თუმცა ერიდებოდა მარტოსულ მთას, ვინაიდან ეშინოდა, რომ საურონი გააღვიძებდა დრაკონს, რომელიც შუაველსა და ლორიენს გაანადგურებდა.
თორინს სურდა უბრალო რაზმის შეკრება, რომელშიც ისეთი მონაწილე იქნებოდა, რომელსაც დრაკონი ვერ იყნოსავდა - ანუ რომელიმე ხალხის წარმომადგენელი, გარდა ჯუჯებისა. მას ესაჭიროებოდა ნამდვილი ქურდი, რომელიც შეიპარებოდა სმაუგთან და დაეხმარებოდა ჯუჯებს საკუთარი ქონების გამოზიდვაში. გავიდა დიდი დრო, სანამ განდალფმა ჰობიტი ბილბო ბეგინსი შეარჩია. 13 ჯუჯისგან შემდგარი რაზმი დაადგა ბილბოს, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა თავაზიანად შესთავაზა განდალფს ჩაიზე სტუმრად მოსვლა. ამით დაიწყო მოგზაურობა, რომელიც დასრულდა დრაკონის საბოლოო განადგურებით (ტბისპირა ქალაქ ესგაროთის მშვილდოსან ბარდის მიერ). მაგრამ ჯუჯების განძზე პრეტენზია აგრეთვე ელფებსა და ადამიანებს ჰქონდათ (ამ უკანასკნელებს - იმის გამო, რომ ესგაროთი მთლიანად იქნა განადგურებული დრაკონის მიერ და ქალაქს აღდგენა ესაჭიროებოდა). მოვლენათა დამთხვევის ფონზე, როდესაც მთასთან გამოჩნდნენ სასტიკი გობლინები (ორკები) და ვარგები, ასევე ჯუჯები მეფე დაინის მეთაურობით, მოხდა ხუთი ლაშქრის ბრძოლა, რომელიც დასრულდა მტრის სრული დამარცხებით. თუმცა, თორინი სასიკვდილოდ იქნა დაჭრილი ორკ აზოგის შვილ ბოლგის მიერ. იგი ბრძოლის ველიდან ბეორნმა გაიყვანა.
თორინი დასაფლავებული იქნა მარტოსული მთის ქვეშეთში. გულზე დაადეს არკენსტოუნი (ნატვრისთვალი), ქვა, რომელიც მისთვის მეტად ძვირფასი იყო. ხმალი ორკრისტი, მოპოვებული მთისკენ მოგზაურობისას, მის საფლავზე იქნა დადებული. ომში თორინთან ერთად ძმისშვილები, კილი და ფილიც დაიღუპნენ. შემდგომში მთისქვეშეთის სამეფო მეფე დაინის ხელში გადავიდა.
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძველ ნორვეგიულად Thorin ნიშნავს „გაბედულობას“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ინფორმაცია საიტზე The Thain's Book დაარქივებული 2015-10-29 საიტზე Wayback Machine.
- ინფორმაცია საიტზე Tolkiengateway.net
|