შინაარსზე გადასვლა

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
ბოტანიკური ბაღი

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღისაქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური ბოტანიკური ბაღის ზუგდიდის ფილიალი, გაშენებულია გასულ საუკუნეში, დადიანების სასახლესთან, როგორც მთავრის რეზიდენციის დეკორატიული ბაღი. პარკში ოთხმოცამდე გვარის მრავალი სახეობის ხე, ბუჩქი და მცენარე იზრდება, მათ შორის მაგნოლიის ექვსი სახეობა, სხვადასხვა სახეობის მუხა, ატლასისა და ჰიმალაის კედარი, კანარის ვერხვი, აზიის, მათ შორის ინდოეთის, იაპონიის, ხმელთაშუაზღვისპირეთის, ამერიკის და სხვა ადგილებიდან შემოტანილი რელიქტური და ენდემური მცენარეები.[1] ზუგდიდის ბაღმა დეკორატიული სახე მიიღო მას შემდეგ, რაც მის განაშენიანების საქმეს ენერგიულად მოჰკიდა ხელი სამეგრელოს უკანასკნელმა მთავარმა დავით დადიანმა.[2]

როგორც მდებარეობით, ასევე კლიმატური პირობეით ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ერთ-ერთ საუკეთესო ბაზას წარმოადგენს ძვირფასი სუბტროპიკული მცენარეების ინტროდუქციის, კვლევისა და აკლიმატიზაციისათვის.

ეკატერინე დადიანი

იონა მეუნარგიას, რაფიელ ერისთავის, ვ. მირზაშვილის, კორნელი ბოროზდინის, ი. გოგიასა და სხვათა ცნობით, როდესაც დავით დადიანმა მამის, სამეგრელოს მთავრის ლევან V-გან ხელისუფლება მიიღო 1840 წელს, სამთავროს მართვასთან ერთად ხელი მოჰკიდა დეკორატიული ბაღის მშენებლობას. იმავე წელს მან შემოღობა სასახლის გარშემო მდებარე ტყის ნაწილი, რომელიც მიჩნეულ იქნა სასახლის ბაღად და დააწესა სპეციალისტ-მებაღეთა მუდმივი შტატები. მალე ბაღისადმი ზრუნვა და მისი მართვა-გამგეობა დავითმა ჩააბარა თავის მეუღლეს ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანს. ეკატერინემ დიდი სიყვარულითა და ენთუზიაზმით მოკიდა ხელი ამ კეთილშობილურ საქმეს და მცირე ხანში ეგზოტიკური სახეობებით მდიდარი ბაღი შექმნა. იონა მეუნარგია აღნიშნავს:

ვიკიციტატა
„მისსავე (იგულისხმება ეკატერინე ჭავჭავაძე) პირად შრომას უნდა უმადლოდეს თავის არსებობას ამიერკავკასიაში არსებულ ბაღებს შორის საუკეთესო – ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი. გამოეწერა ამისათვის საჭირო თესლეული და ხეების ნერგები მეფის ლუი ფილიპეს ვერსალის ბაღიდან და მართლაც გააშენა ისეთი ბაღი, რომლის ბადალიც არ მოიპოვება კავკასიაში [3]

ეკატერინე ჭავჭავაძემ ბაღის მთავარ მშენებლად იტალიის ქ. ტრიესტიდან მოიწვია მებაღე ჟოზეფ ბაბინი, რომელმაც ბაღს მთლიანად შეუცვალა იერი — გაწმინდა იგი უვარგისი მცენარეებისაგან, დააზუსტა წმინდა დეკორატიული ფართობი, დაგეგმა ფრანგულ, სიმეტრიულ სტილზე, გამოჰყო და გააფორმა ნაკვეთები, შექმნა ხელოვნური პეიზაჟები (დღეისათვის შემორჩენილია ხელოვნური ტბა კუნძულით), რომელიც ოსტატურად იქნა შეხამებული აქა–იქ დატოვებულ ბუნებრივ პეიზაჟებთან, მოაწყო სანერგე და სხვა.

ბოტანიკური ბაღი

ამ ამბების მომსწრე და მხილველი კორნელი ალექსის ძე ბოროზდინი, მეფის რუსეთის განსწავლული მოხელე, რომელმაც საქართველოში 13 წელიწადი (1854–1867) დაჰყო, ზუგდიდის ბაღზე წერდა:

ვიკიციტატა
„დავით დადიანი საქმის კაცი იყო. ჯერ ისევ მამის სიცოცხლეშივე მართავდა სამთავროს საქმეებს, გულმოდგინედ ჩაფლული იყო პრაქტიკულს საქმიანობაში და ცდილობდა თავისი მამულებისათვის უფრო მეტი მიემატებინა. დილითგან საღამომდე საქმეებში იყო გართული. შეჩვეული იყო თვითონ პირადად ეკეთებინა ყველაფერი. არ უყვარდა თავის საქმეებში სხვა ვინმე ჩაერივნა და მით უფრო უცნაურად ეჩვენებოდა, ასეთ საქმეებში ახალგაზრდა ცოლისათვის ეთხოვნა მონაწილეობის მიღება და ამიტომ ეკატერინეს მიანდო ყურისგდება თავისი ზუგდიდის ბაღისა, რომლისათვის ხარჯი არ ეზოგებოდა. ეკატერინემ ხალისიანად მოჰკიდა ხელი ამ საქმეს. საზღვარგარეთიდან სწავლული მებაღე გამოიწერეს. იშვიათი ხეების წიდნები და ყვავილების თესლი მილანიდან მოსდიოდათ, სამეგრელოს ბუნებამ და ჰავამ ხელი შეუწყო დედოფლის ცდას და ათი წლის განმავლობაში ისეთი საუცხოო ბაღი გაშენდა, რომლის მსგავსი მანამდე არ და არც მერე ყოფილა ამიერკავკასიაში. დიდფოთოლა მაგნოლიები, ბიგნონიები, პაულონიები, მიმოზები, კვიპაროზები, ოლეანდრები უშველებელი სიმაღლის გაიზარდა და ამ ხეების მთელი ხეივნები შეიქმნა. ბაღთან იყო საუცხოო სათბურები და საგრუნტო ფარდულები, სადაც 500–ზე მეტი სახეობის ხე იყო ფორთოხლის, ლიმნის, პომპელმუსისა, ბანანებისა და სხვა იშვიათი ხეხილისა, მაგრამ განსაკუთრებით კარგი იყო საყვავილე განყოფილება: დათვლაც კი სჭირდა ათასნაირი ვარდებისა, ზოგიერთი მათგანი ორი მეტრი სიმაღლის გაიზარდა. მრავალფეროვანი იყო ასევე კამელიების კოლექცია. ერთი სიტყვით, ზუგდიდის ბაღი ყოველი მხრით შესანიშნავი იყო და ამიერავკასიაში ბადალი არ მოიძებნებოდა. მის მეზობლად პარკი იყო გაშენებული, სადაც ნახავდით აუარებელ შვლებს, ირმებსა და ქურციკებს, რომლებიც ვორონცოვის მამულიდან იყო მოყვანილი (ყირიმიდან), ესენი კაცის დაძახებაზე მოდიოდნენ და ხელით შეიძლებოდა დაპურება[4]

ისკანდერ–ფაშას განადგურებული ბაღი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ხელოვნური ტბა კუნძულით ბოტანიკურ ბაღში

დავით დადიანი 1853 წელს გარდაიცვალა. ამის შემდეგ როგორც სამთავროს მართვა, ასევე ბაღისადმი მზრუნველობა და პატრონობა მთლიანად ეკატერინე ჭავჭავაძის ხელში გადავიდა. ეკატერინე მეტი ენერგიით შეუდგა ბაღის მოწყობას, თუმცა შექმნილმა პოლიტიკურმა გარემოებებმა ხელი შეუშალა. ბაღმა დიდი სტიქიური უბედურება განიცადა 1853–1856 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს. 1855 წელს სამეგრელოც გახდა ომის ასპარეზი. ოსმალთა 30 ათასიანი არმიამ ომარ-ფაშას მეთაურობით სამეგრელოში ნახევარ წელიწადზე მეტი დაჰყო და ამ ხნის მანძილზე მთლიანად გააჩანაგა ეს მხარე.[5] 1856 წელს მეგრელთა მიერ შევიწროებული ერთ-ერთი გარნიზონის უფროსი ისქანდერ-ფაშას ბრძანებით ძირიანად ამოთხარეს და გაანადგურეს ბაღი. კ. ბოროზდინი სწერდა, რომ საშინლად გაბრაზებულმა ისკანდერ ფაშამ

ვიკიციტატა
„დაბრუნდა რა ზუგდიდში, გადაჰბუგა მთელი დაბა, მთავრის სასახლე, წინასწარ კი სახლიდან ყველა ძვირფასი ნივთი გააზიდვინა, ორანჟერიებიდანაც, რის გამოტანაც კი შეიძლებოდა, ყველაფერი გაატანინა, ხოლო ბაღში ხეები სულ ძირში დააჭრევინა. ამ სახით ის საუცხოო ბაღი, რომელიც დედოფალმა გააშენა და რომელსაც თვალის ჩინივით უვლიდა მიწასთან იქმნა გასწორებული [6]

ამ ბაღის ისტორიასთან დაკავშირებით საყურადღებოა ეკატერინეს წერილი გორდიდან 1856 წლის 2 თებერვლის თარიღით, რომლითაც ის პლატონ იოსელიანს ატყობინებდა იმ უბედურებას, რაც სამეგრელოს მიადგა თურქეთის საოკუპაციო ჯარებისაგან:

ვიკიციტატა
„ღ–თმან თქვენ მტერს მოუვლინოს, რაოდენ განსაცდელი და უბედურება მეგრელიას მოევლინა. ესოდენი წლის შრომა და ღვაწლი ერთად დაიკარგა ს–დ, ამ ომიანობისა სისხლის დათხევა მათი ამაოდ დაშთა. მტერმან ააოხრა და ნაცვლად კეთილისა ჩვენმა სიძემ დადიანის ოჯახის ერთგულად საგონებელმა მუხრანბატონმა ღალატიც განსთქვა, მის გამო რომ მით უმსგავლო მოქმედება მისი და სირცხვილი რ-იც აჩვენა რუსეთის მხედრობას და იმდენადა დაუბრმავდა გონება რომ გაბედა ჩემდა მოწერაც ნომრიანის ქაღალდით, ვითომ მე აღუკრძალე მეგრელთ მტერთადმი თოფის სროლა, მაგრამ ისე გაფუჭდეს ყოველი მისი ბოროტი აზრი სამეგრელოსთვის, როგორც სამეგრელო მტერმან გააფუჭა და მთავრისა მათისა ოჯახი ცეცხლის ალს მიეცა. ზუგდიდი აღარ არის. იქაური თექვსმეტი წლის ნაშრომი ბაღი, რომელიც კავკასიის მხარეში კი არა უცხო ქვეყნებშიც მოსაწონი იყო, მტერმან აღგავა. ყ-ლი ხილი, ყვავილი და უცხო ქვეყნის მცენარეები ზოგი წაიღეს და ზოგიც დასჭრეს. პარიჟელი და სხვა მებელი რაც იყო წაიღეს და მთელი ოჯახი და გარემო მტვრად აქციეს. უბედურია ამ დროებით მეგრელია, გარნა ვსასოებ ოდესმე ყ–დ მოწყალე ხელმწიფე ნუგეშს გვცემს ნაცვლად მართლისა მწუხარებისა[7]

ოსმალეთთან ზავის დადების შემდეგ, ეკატერინეს ენერგიული მოქმედების შედეგად, ბაღში გაჩაღდა აღდგენითი სამუშაოები, ხოლო მისი სრული აღდგენა შესაძლებელი გახდა 1869 წლიდან, ე.ი. ეკატერინე ჭავაჭავაძის საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ. მუშაობა სწრაფი ტემპით წარიმართა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქ. ვარეზედან (იტალია) 1896 წელს მოწვეულ იქნენ სამუშაოდ სპეციალისტი მებაღე-დეკორატორები, ძმები გაეტანი და ჯიოვანო ზამბერლეტები.

როგორც ი. გოგია (1947 წელს) აღნიშნავს, ზამბერლეტებმა სანქტ-პეტერბურგიდან ჩამოიტანეს ეგზოტიკურ მცენარეთა ფრიად იშვიათი და ძვირფასი თესლები და ნერგები, რომლითაც შეავსეს არსებულ მცენარეთა კოლექცია, გააფართოეს ბაღის ტერიტორია ძირითადი გეგმის მიხედვით, გააგრძელეს ბზის ბორდიურები და საინტერესო ხეთა ხეივნები. სწორედ ამ პერიოდს მიაკუთვნებს ი. გოგია იმ გოლიათი ჭადრების მშვენიერი ხეივნების დაშენებას, რომელნიც დღეს სიგრძე–სიგანეზე სერავენ ბაღს (1182 გრძ. მეტრი), ხოლო რაც შეეხება 187 მ სიგრძეზე ჩამწკრივებულ რცხილის ხეივანს, რომელიც არანაკლები სილამაზით აღიქვება, იგი თვლის ოსმალთა მიერ გაჩეხილ ეგზემპლართა ძირკვის ამონაყრად, რაც სრულ ჭეშმარიტებას წარმოადგენს.

ბაღი თანდათან გაიზარდა, მცენარეთა კოლექცია გამდიდრდა ახალი სახეობებით, მაგრამ 1882 წლიდან, ე. ჭავჭავაძის გარდაცვალების გამო, ეგზოტების შემოტანა და გამრავლება-გავრცელება შეწყდა, თუმცა მოვლა–პატრონობა კვლავინდებურად გრძელდებოდა.

1903 წელს გარდაიცვალა ნიკო დავითის ძე დადიანი და მხცოვანი მებაღე გაეტანო ზამბერლეტიც, რასაც მოჰყვა ბაღის მოვლა–პატრონობის საქმის დაკნინება და დაქვეითება. მას შემდეგ 1917 წლამდე ბაღს, დადიანების სხვა ქონებასთან ერთად, იცავდა და განაგებდა მათი რწმუნებული, ხოლო მენშევიკების ბატონობის დროს (1917–1921 წწ.) — ერობა. განსაკუთრებით ამ პერიოდში ბაღი მოუვლელი და უპატრონო იყო.

მიუხედავად ამისა, ზუგდიდის პარკმა გაშენების დღიდან დიდი საშვილიშვილო საქმე შეასრულა. იგი სამეგრელოში ძვირფას მცენარეთა ინტროდუქციის კერად იქცა, საიდანაც ასობით უცხო მცენარე ფართოდ დაინერგა მოსახლეობაში, გაშენდა მრავალი ბაღი, სკვერი და პარკი სამეგრელოს სოფლებსა, დაბებსა და ქალაქებში, ხოლო მოსახლეობას მერქნოვან-ბუჩქოვან მცენარეთა სიყვარული დაუნერგა.

დირექტორები და ხელმძღვანელობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბოტანიკური ბაღი

1922 წელს განათლების სახალხო კომისარიატი ბაღის დირექტორად ნიშნავს აკაკი ჭანტურიას, 1924 წლიდან 1926 წლამდე ბაღი გადადის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის გამგებლობაში, 1926 წლიდან საქართველოს სსრ მიწსახკომის განკარგულებით იგი დაექვემდებარა თბილისის ბოტანიკურ ბაღს. ბოტანიკური ბაღის დირექტორმა პროფ. ი. ლომოურმა ყურადღება მიაქცია ბაღის სავალალო მდგომარეობას (საქონლის ძოვება, ბალახის უსისტემო თიბვა, დაუცველობა და სხვ.) გამოგზავნა აქ პროფ. სოსნოვსკი ხე–ბუჩქების აღწერისა და აღრიცხვისთვის, ბაღს დაუნიშნა უმაღლესი განათლების მქონე დირექტორი, შემოღობა ბაღის ტერიტორია ცოცხალი ღობით, აკრძალა საქონლის ძოვება, გაწმინდა და აღადგინა ზოგიერთი ხეივანი, გააშენა ბზის ბორდიური და სხვ.

ამის შემდეგ რიგრიგობით კიდევ რამდენიმე ორგანიზაციის ხელში გადადიოდა ბაღის მოვლა-პატრონობის საქმე. იგი ერთხანს ზუგდიდის ქალაქის საბჭოს კულტურისა და დასვენების პარკადაც კი იქცა, სადაც მრავლად იყო სხვადასხვა გასართობი, ატრაქციონი, მაგრამ მცენარეთა კოლექციის გამდიდრებაზე ნაკლებად ზრუნავდნენ.

საბოლოოდ, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1970 წლის დადგენილებით, ზუგდიდის პარკი გადაეცა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალურ ბოტანიკურ ბაღს და ეწოდა: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური ბოტანიკური ბაღის ზუგდიდის ფილიალი.

მოკლე ხნის განმავლობაში ზუგდიდის ფილიალში შესრულდა შრომატევადი სამუშაოები, რის შედეგადაც ამჟამად სრული პირობებია შექმნილი ნორმალური შემოქმედებითი სამეცნიერო–კვლევითი მუშაობისათვის. ბაღის სანერგეში შეტანილია 350 ახალი სახეობისა და სახესხვაობის ნერგი, რომლებსაც მალე გადაიტანენ მუდმივ ფართობებზე – პარკში.

2005 წელს ხელისუფლებამ დადიანების სასახლის ბაღის რეკონსტრუქციისთვის 40 ათასი ლარი გამოყო.

2009 წლის მაისში საზოგადოება „ზუგდიდელის“ თავმჯდომარემ ოთარ ფაცაციამ, ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ფრიდონ თოდუამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე ქობალიამ მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება ბოტანიკური ბაღის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანისთვის ზომების მისაღებად. ამ გადაწყვეტილების თანახმად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 5 000 ლარს გამოყოფს.[8]

ბოტანიკური ბაღის ნიადაგი საშუალო ეწერი, თიხიანია. ქვენიადაგი ხასიათდება უძველესი მდინარის ნაფენებით. ფიზიკური თვისებების მიხედვით ნიადაგის ზედა ფენები (20 სმ სიღრმე) სუსტი გოროხოვანია, მის ქვემოთ კი – უსტრუქტურო. ჰაერაცია ზედა ფენებში კარგია, ქვედა ფენებში — სუსტი. ქვედა თიხიან ფენებში შეიმჩნევა დაჭაობების ნიშნები. ნიადაგის სიღრმეში ტენი თითქმის ყოველთვისაა.

ბაღში წარმოდგენილი ფლორა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინტროდუცირებული ხეები და ბუჩქები (1975 წელი)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოტანიკურ ბაღში ინტროდუცირებულია 94 სახეობის მერქნიანი მცენარე, რომელნიც 45 ოჯახსა და 57 გვარს მიეკუთვნება. ხეები წარმოდგენილია 74 სახეობით, ბუჩქები — 17, ხვიარები — 3. ეს მცენარეები ბიოლოგიური ჯგუფების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • წიწვოვანები — 24 სახეობა და სახესხვაობა
  • ფოთლოვანები — 70, მათ შორის ზამთარმწვანე — 22, ზაფხულმწვანე — 48.

ინტროდუცირებული მცენარეების გარემოსთან შეგუების უნარი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაღში ინტროდუცირებული მცენარეები ადგილობრივ გარემო პირობებთან ურთიერთგანსხვავებული შეგუების უნარით ხასიათდება, რის გამოც ზოგი მათგანის ბოილოგიური მდგომარეობა (ვეგეტატიური, გენერაციული) დაბალია, ზოგისა კი აბორიგენებსაც ტოლს არ უდებს. ზემოაღნიშნული მდგომარეობის მიხედვით შეიძლება მცენარეები დაჯგუფდეს:

  • მცენარე იზრდება, მაგრამ ვერ ყვავის — 1 სახეობა — კორპის მუხა (სუსტი და დაჩაგრულია);
  • მცენარე ყვავის, მაგრამ ვერ ნაყოფიანობს — 17 სახეობა;
  • მცენარე ნაყოფიანობს, მაგრამ ნაყოფს ვერ იმწიფებს — 1 სახეობა — ქაღალდის ხე (მხოლოდ მდედრობითი ეგზემპლარია);
  • მცენარე ნაყოფიანობს, მაგრამ აღმოცენების უნარმოკლებული თესლი აქვს — 2 სახეობა იაპონური ტუიოპსისი, ლანცეტა კუნინგამია;
  • მცენარეს აღმოცენებისუნარიანი თესლი აქვს, მაგრამ თვითნათესს არ იძლევა — 42 სახეობა;
  • მცენარე თვითნათესს იძლევა, მაგრამ ველურდება — 24 სახეობა;
  • მცენარე ველურდება — 7 სახეობა.

ინტროდუცირებულ მცენარეთა სასიცოცხლო ფაზის რიტმი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინტროდუცირებულ მცენარეთა რიგი, სასიცოცხლო ფაზის რიტმი (შეფოთვლა, ყვავილობა, ნაყოფმსხმიარობა, ფოთოლცვენა, ზრდა) ძირითადად ესატყვისება და მიჰყვება ადგილობრის კლიმატურ რიტმს. გამონაკლისს წარმოადგენს:

ინტროდუცენტები გეოგრაფიული წარმოშობის მიხედვით

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინტროდუცენტები გეოგრაფიული წარმოშობის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • ფორჩუნის ცეფალოტაქსუსი (Cephalotaxus fortunei) — ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში 17, 29 და 30 თარგიდან სულ 4 მამრობითი ეგზემპლარია. ვინაიდან ვ. მირზანაშვილი (1934) არ იხსენიერბს თავის წიგნში, მათი ინტროდუქცია 30–იან წლებზე გვიან პერიოდს უნდა მიეკუთვნოს. ყველაზე დიდი ეგზემპლარი სიმაღლით 4 მეტრს აღწევს, სიმსხოთი 5 სმ, და აქვს 1.0x1.5 ვარჯის პროექცია. ყველა ეგზემპლარი კარგად გამოიყურება. წიწვი გამოაქვს აპრილის მეორე ნახევარში(1971, 1972 წწ.) ყვავილობს აპრილში.
  • ლავზონიური ხამეციპარისი (Chomaecyparis lawsoniana) — 1075 წლისათვის ბოტანიკურ ბაღში იყო ამ სახეობის 10 ეგზემპლარი, რომელიც ინტროდუცირებულ იქნა 1930 წლის შემდეგ.
  • ნაგეის პოდოკარპუსი (Podocarpus nageia) — ბაღში ეს სახეობა წარმოდგენილია მხოლოდ ერთი ეგზემპლარით, რომელიც დარგულია მე–24 თარგში, ღია ადგილზე 1957 წელს და 21 წლის ხნოვანებაში აღწევს სიმსხოთი 9.5 სმ, სიმაღლით 4.5 , ვარჯის პროექცია 2X1.5 , ყვავის ივნისში (მამრობითი ეგზემპლარი) კარგად გამოიყურება.
  • თეთრი ანუ ევროპული სოჭი European (Silver Fir; Abies alba) — მირზანაშვილის ცნობით, (1934) ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში 1930 წლისათვის ყოფილა მხოლოდ ერთ ეგზემპლარი (21–ე თარგზე) ზომით: სიმაღლე — 20 მ, დიამეტრი — 40 სმ. სამი ეგზემპლარი იზრდება. მათ შორის ყველაზე დიდი სიმაღლეში აღწევს 23 მ, სიმსხოში 56 სმ და აქვს 6მX5მ ვარჯის პროექცია. ნახევრად დაჩრდილულია მეზობელი ხეებით. ცხოველმთმყოფელობა საშუალო.
  • ჰიმალაიური ანუ ინდოეთის ნაძვი (Picea) — ბაღში ნაძვი შემოტანილი უნდა იყოს XIX საუკუნის მეორე ნახევარში, რამდენადაც, მირზაშვილის ცნობით (1934) 1929 წლისათვის 21 თარგში უკვე უნდა ყოფილიყო ორი ხნიერი ეგზემპლარი. ერთ მათგანს, რომელიც 1929 წელს სიმაღლეში აღწევდა 30 მეტრს და დიამეტრში 60 სმ იყო, ვ. მირზაშვილი ზუგდიდის პირობებთან შეგუებულად თვლის.მის უხვთესლიანობასა და სრულიად ჯანმრთელ გარეგნობაზე მიუთითებს.
  • ატლასური კედარი (Atlas Cedar) — დაჩრდილულია რცხილით, ჭადრით და გინგკო ბილობათი. ვარჯი ვიწრო აქვს და საკმაოდ შეზღუდულია მეზობელი ხეებისგან.
  • ჰიმალაიური კედარი (Cedrus deodara)ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სულ 71 ძირი ჰიმალაიური კედარია დარგული. მათ შორის ყველაზე ხნიერია ორი ეგზემპლარი.
  • ვეიმუტური ანუ თეთრი ფიჭვი (Pinus strobus;Eastern White Pine) ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ამ სახეობის შემოტანას ვ. მირზაშვილი XIX საუკუნის ნახევარს მიაკუთვნებს.
  • დასავლური თუია (Thuja occidentalis) — ზუგდიდის პარკში მირზაშვილს აღწერილი აქვს დას. თუიას 17 ეგზემპლარი. მათ შორის უმეტესობა მოზრდილი ყოფილა.
  • წითელი ღვია ანუ ვირჯინიული ღვია (Juniperus virginiana) — ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ინტროდუცირებულია ერთადერთი ეგზემპლარი 1975 წლისათვის, რომელიც იზრდებოდა თავისუფლად ღია ადგილზე.
  • ლუზიტანიური კვიპაროსი (Cupressus lusitanica) — ეს სახეობა ვ. მირზაშვილს მცენარეთა სიაში არ აქვს შეტანილი.
  • ზღვისპირა ფიჭვი (Pinus pinaster) — 1975 წლისათვის ბაღში 92 ეგზემპლარი იზრდებოდა, რომელითაგან ყველაზე დიდი აღწევს სიმაღლეში 24 მ, სიმსხოში – 62 სმ, ვარჯის დიამეტრი 5X6 მ, ხოლო ყველაზე პატარა შესაბამისად 16 მ, 23 სმ, 3X4 სმ.
  • იაპონური თუიოპსისი (Thujopsis dolabrata) — ეს სახეობა 1975 წლისათვის ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გვხვდება შედარებით ახალგაზრდა ხნოვანებისანი.
  • მარადმწვანე სექვოია (Sequoia sempervirens) — ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შემოუტანიათ XIX საუკუნის 50–იან წლებში ნიკიტის ბოტანიკური ბაღიდან[9]. ვ. მირზაშვილის მიხედვით (1934) ზუგდიდის პარკში ყოფილა 1929 წელს მარადმწვანე სექვოიას დაახლოებით 50 წლიანი ერთადერთი ეგზემპლარი, რომელიც სიმაღლეში აღწევდა 30 მეტრამდე, ასევე კარგად თესლიანობდა.
  • ბარდანაყოფისებრი ხამეციპარისი (Chamaecyparis pisifera) — 1975 წელს იზრდებოდა ამ სახეობის ერთ–ერთი ფორმა, სულ 4 ეგზემპლარი.
  • ჭაობის კვიპაროსი (Taxodium Distichum) — ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ვ. მირზაშვილს 1929 წელს აღწერილი აქვს ჭაობის კვიპაროსის 60 წლამდე ხნოვანების 1 ეგზემპლარი, რომელიც მაშინ ერთადერთს წარმოადგენდა, აღწევდა დიამეტრით 60 სმ, სიმაღლისთ 18 მ და ყოფილა კარგად განვითარებული.
  • იაპონური კრიპტომერია (Cryptomeria japonica) — ვ. მირზაშვილის ცნობით საქართველოში შემოტანილი უნდა იყოს გასული საუკუნის 60–იან წლებში. მასვე 1929 წელს აღუწერია ზუგდიდის ბაღში არსებული ერთადერთი ეგზემპლარი — სიმაღლით 20 მ., დიამეტრით — 60 სმ–მდე.
  • ლანცეტური კუნინგჰამია (cunninghamia lanceolata) — 1929 წელს ეს ეგზემპლარი ზუგდიდში საკმაოდ დაჩაგრულად გამოიყურებოდა ვ. მირზაშვილის ცნობით.
  • აღმოსავლური ბიოტა (Biota orientalis) — ეს სახეობა ვ. მირზაშვილს სულ 29 ძირი აქვს აღწერილი.
  • პირამიდული კვიპაროსი ანუ გუნდის ხე (Cupressus sempervirens) — ვ. მირზაშვილს აღწერილი აქვს მხოლოდ ერთი ძირი.
  • იტალიური ფიჭვი (Pinus pinea) — ბაღში ვ. მირზანაშვილს (1934) აღწერილი აქვს 1 ეგზემპლარი, რომელიც ერთადერთი ყოფილა მთელ პარკში, ისიც მეტად დაჩრდილული და დაჩაგრული უზარმაზარი ხეებისაგან. ტოტების თითქმის 2/3 ნაწილი შემხმარი ჰქონია. ზომით: სიმაღლე — 25 მეტრამდე, დიამეტრი — 50 სმ. მსხმოიარობა დამაკმაყოფილებელი. ამ პირობებში ეს ეგზემპლარი მალე დაღუპულა. 1975 წლისთვის ბაღში 44 სხვადასხვა ხნოვანების ხე ხარობდა, რომელთა საშუალო სიმაღლე 11.42 მ. დიამეტრი — 40.2 სმ, მათ შორის ყველაზე დიდი აღწევს სიმაღლეში 16.5, სიმსხოში 64,5, ვარჯის პროექცია 14X9 სმ.
სურათი სახელწოდება გვარი ოჯახი კლასი
ფორჩუნის ტრახიკარპუსი (Trachyracarpus fortunei) ტრახიკარპუსი პალმები ერთლებნიანები
ძაფისებრი იუკა (Jucca filamentosa) იუკა შროშანისებრნი ერთლებნიანები
მშვენიერი იუკა (Jucca gloriosa) იუკა შროშანისებრნი ერთლებნიანები
სამხრეთული კორდილინა (cordyline australis) კორდილინა შროშანისებრნი ერთლებნიანები
ძეწნა, მტირალი ტირიფი, ბაბილონის ტირიფი (Salix babylonica) ტირიფი ტირიფისებრნი ორლებნიანები
ალვის ხე (პირამიდული ანუ იტალიური ვერხვი) (Populus italica, Populus pyramidalis) ვერხვი ტირიფისებრნი ორლებნიანები
კანადური ვერხვი (populus deltoides) ვერხვი ტირიფისებრნი ორლებნიანები
ჩვეულებრივი კაკალი, ნიგვზის ხე (Jugans regia) კაკალი კაკლისებრნი ორლებნიანები
კარია პეკანი (Carya pecan) კარია კაკლისებრნი ორლებნიანები
ევროპული წიფელი (Fagus silvatica) წიფელი წიფლისებრნი ორლებნიანები
ლეგა მუხა (Quercus glauca) მუხა წიფლისებრნი ორლებნიანები
კორპის მუხა (Quercus suber) მუხა წიფლისებრნი ორლებნიანები
წაბლფოთოლა მუხა (Quercus castaneifolia) მუხა წიფლისებრნი ორლებნიანები
დასავლური აკაკი (Celtis occidentalis) აკაკი თელისებრნი ორლებნიანები
ჩვეულებრივი ლეღვი (Ficus carica) ლეღვი თუთისებრნი ორლებნიანები
თეთრი ანუ ჩვეულებრივი თუთა (Morus alba) თუთა თუთისებრნი ორლებნიანები
ქაღალდის ხე, ბრუსონეცია (Broissonetia papyrifera) ბრუსონეცია თუთისებრნი ორლებნიანები
შინაური ნანდინა (Nandina domestica) ნანდინა კოწახურისებრნი ორლებნიანები
იაპონური მაჰონია (Mahonia japonica) მაჰონია კოწახურისებრნი ორლებნიანები
დიდყვავილა მაგნოლია (Magnolia grandiflora) მაგნოლია მაგნოლიასებრნი ორლებნიანები
ვირჯინიული მაგნოლია (ლეგა მაგნოლია) (Magnolia virginiana) მაგნოლია მაგნოლიასებრნი ორლებნიანები
გრძლად წამახვული მაგნოლია,კიტრის ხე) (Magnolia acuminata) მაგნოლია მაგნოლიასებრნი ორლებნიანები
კობუსის მაგნოლია(Magnolia kobus) მაგნოლია მაგნოლიასებრნი ორლებნიანები
შიშველი მაგნოლია(Magnolia denudata) მაგნოლია მაგნოლიასებრნი ორლებნიანები
სულანჟის მაგნოლია(magnolia soulangiana) მაგნოლია მაგნოლიასებრნი ორლებნიანები
ტიტასებრი ლირიოდენდრონი(Liriodendron tulipifera) ლირიოდენდრონი მაგნოლიასებრნი ორლებნიანები
დასავლური ჯამყვავილა, კალიკანთუსი(Calycanthus occidentalis) კალიკანთი,ჯამყვავილა კალიკანტასებრნი ორლებნიანები
ადრეულა,სურნელოვანი ხიმონანთუსი(Chimonanthus praecox) ხიმონანთუსი კალიკანტასებრნი ორლებნიანები
ცრუ ქაფურის ხე(Cinnamomum glanduliferum) ცინამომუმი დაფნისებრნი ორლებნიანები
დიდფოთოლა ჰორტენზია(Hydrangea macrophylla) ჰორტენზია ფხიჯასებრნი ორლებნიანები
ფისიანი ლიქვიდამბარი ანუ ამბრის ხე(Liquidambar styraciflua) ლიქვიდამბარი ჰამამელისებრნი ორლებნიანები
აღმოსავლური ჭადარი(Platanus orientalis) ჭადარი ჭადრისებრნი ორლებნიანები
იაპონური ხენომელესი (Chaenomeles japonica) ხენომელესი ვარდისებრნი ორლებნიანები
ლენქორანის აკაცია, ანუ აბრეშუმის აკაცია (Albizzia julibrissin) ალბიცია პარკოსნები (ცერცვოსნები) ორლებნიანები
ევროპული არღავანი, იუდას ხე (Chaenomeles japonica) არღავანი პარკოსნები ორლებნიანები
სამეკალა (ამერიკული) გლედიჩია, (Gleditchia triacanthus) გლედიჩია პარკოსნები ორლებნიანები
კასპური გლედიჩია, (Gleditschia caspica) გლედიჩია პარკოსნები ორლებნიანები
ცრუაკაცია ანუ თეთრი აკაცია, (Robinia pseudoacacia) რობინია პარკოსნები ორლებნიანები
ამურის ხავერდის ხე,მანჯურიის ფელოდენდრონი (Phellodendron amurense) ხავერდის ხე ტეგანისებრნი ორლებნიანები
აილანთუსი,ხემყრალა (Ailanthus altissima) აილანთუსი სიმარუბაცეასებრნი ორლებნიანები
ჩვეულებრივი მელია, სურნელოვანი მელია (Melia azedarach) მელია მელიასებრნი ორლებნიანები
წვრილფოთოლა ბზა (Buxus microphylla) ბზა ბზისებრნი ორლებნიანები
კანარის ჭყონი (Ilex perado) ჭყონი ჭყონისებრნი ორლებნიანები
იაპონური ჭანჭყატა (Euonymus japonicus) ჭანჭყატა ჭანჭყატისებრნი ორლებნიანები
იფანფოთოლა ანუ ამერიკის ნეკერჩხალი (Acer negundo) ნეკერჩხალი ნეკერჩხლისებრნი ორლებნიანები
ჩვეულებრივი ცხენისწაბლა (Aesculus hippocastanum) ცხენისწაბლა ცხენისაბლისებრნი ორლებნიანები
დრუმონდის საპნის ხე (Sapindus drummondii) საპინდუსი ანუ საპნის ხე საპინდისებრნი ორლებნიანები
საგველყვავილედიანი კოელრეუტერია (Koelreuteria paniculata) კოელრეუტერია საპინდისებრნი ორლებნიანები
ყუნწშაქარა ჰოვენია (Hovenia dulcis) კამფეტის ხე ანუ ჰოვენია ხეჭრელისებრნი ორლებნიანები
ხუთფოთოლაკიანი (Parthenocissus quinquefolia) პართენოციზუსი ვაზისებრნი ორლებნიანები
ევროპული ცაცხვი (Tilia europaea) ცაცხვი ცაცხვისებრნი ორლებნიანები
სირიული ჰიბისკუსი ანუ ხეტუხტი (Hibiscus syriacus) ჰიბისკუსი ბალბისებრნი ორლებნიანები
ჩვეულებრივი ფირმიანა, სტერკულია (Firmiana platanifolia) ფირმიანა სტერკულიასებრნი ორლებნიანები
იაპონური კამელია (camellia japonica) კამელია ჩაისებრნი ორლებნიანები
ინდოეთის ლაგერშტრემია, ირმის რქა (Lagerstroemia indica) ლაგერშტრემია ცოცხმაგარისებრნი ორლებნიანები
მანანის ევკალიპტი (Eucaliptus viminalis) ევკალიპტი მირტისებრნი ორლებნიანები
იაპონური აუკუბას ჭრელფოთოლა ფორმა (Aucuba japonica) აუკუბა შინდისებრნი ორლებნიანები
ინდური შქერი (Rhododendron indicum) შქერი მანანასებრნი ორლებნიანები
ფორჩუნის ფონტანეზია (Fontanesia fortunei) ფონტანეზია ზეთისხილისებრნი ორლებნიანები
პრიალა კვიდო (Ligustrum lucidum) კვიდო ზეთისხილისებრნი ორლებნიანები
სურნელოვანი ოსმანთუსი (Osmanthus fragrans) ოსმანთუსი ზეთისხილისებრნი ორლებნიანები
ბუნძგლიანი პავლოვნია (Paulownia tomentosa) პავლოვნია ქერიფქლისებრნი ორლებნიანები
ტეკომა, ვაზისტანა (Campsis radicans) კამპსისი ბიგნონიასებრნი ორლებნიანები
ბიგნონიასებრი კატალპა (Catalpa bignonioides) კატალპა ბიგნონიასებრნი ორლებნიანები
ჟასმინისებრი გარდენია (Gardenia jasminoides) გარდენია ენდროსებრნი ორლებნიანები
იაპონური ცხრატყავა (Lonicera japonica) ცხრატყავა ცხრატყავასებრნი ორლებნიანები
იაპონური ვეიგელა (Weigela japonica) ვეიგელა ცხრატყავასებრნი ორლებნიანები
  • ბალანჩივაძე, შოთა, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ეგზოტიკური მერქნიანი მცენარეები : ცენტრ. ბოტ. ბაღი. თბ.: „მეცნიერება“, 1975.
  • აბაშიძე ი., დენდროლოგია, ნაწ. II თბილისი, 1962.
  • ბალანჩივაძე შ., ახალი ზერლანდიის მცენარეთა აკლიმატიზაცია საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, ბათუმი, სახელგამი, 1961.
  • გოგია, ი., ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, ზუგდიდის სახ. ისტორიულ ეთნოგრაფიული მუზეუმის შრომები, თბ.: ზუგდიდის მუზეუმის გამ-ა, 1947.
  • ბოროზდინი, კ., სამეგრელო და სვანეთი, სახელმწიფო გამ-ბა.
  • გუტიევი, გ., კულტივირებული სუბტროპიკული მცენარეების სახეობათა ნუსხა. ჩაისა და სუბტროპ. კულტურათა ინსტ-ის ბიულეტები, №1, 1948.
  • მეუნარგია, ი., გაზ "Кавказ", № 249–251, 1882.
  • სხიერელი, ვ., 1948/49 და 1949/50 წწ. ზამთრის ყინვები და მათი გავლენა თბილისის ბოტ. ბაღის მერქნიან მცენარეებზე, თბ. ბოტ. ბაღის მოამბე. გვ. 59, 1950.
  • მირზაშვილი, ვ., მერქნიანი ეგზოტების აკლიმატიზაცია–ნატურალიზაცია საქართველოს პარკებში, თბ.: 1934.
  • სხირიელი, ვ., ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ზოგიერთი მერქნიანი ჯიშის აკლიმატიზაციის საკითხისათვის თბ. ბოტ. ბაღში, თბ. ბოტ. ბაღის მოამბე, გამოც. 57, თბ.: 1948.
  • Cocayane L., 1958, The vegetat on of New Zearland, Leipcig.
  • Cocayne L., 1928. Flora and vegetation of New Zearland. New Zearland officail year - book. Wellington.
  • Cheeseman L., 1925. Manual of the New Zearland flora. Wellington.
  • იასონ იზორია, დადიანების საქველმოქმედო საქმიანობა, თბ.: 2000.
  • მურმან არდია, ჭიჭიკო ჯანელიძე, სამეგრელო, თბილისი-ზუგდიდი, გვ. 224, 1999.
  • Деревья и кустарники СССР т.т. I–VI.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. მურმან არდია, ჭიჭიკო ჯანელიძე – სამეგრელო, 1999. თბილისი–ზუგდიდი, გვ. 224
  2. იასონ იზორია,დადიანების საქველმოქმედო საქმიანობა,თბილისი, 2000წ.,გვ. 41
  3. ბალანჩივაძე შოთა,ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ეგზოტიკური მერქნიანი მცენარეები, ცენტრ. ბოტანიკური ბაღი - თბ., მეცნიერება, 1975
  4. კ. ბოროზდინი ,,სამეგრელო", 1934 წ. გვ. 65
  5. იასონ იზორია,დადიანების საქველმოქმედო საქმიანობა,თბილისი, 2000 წ. გვ. 42
  6. კ. ბოროზდინი. "სამეგრელო".1934 წ., გვ 48
  7. ი. მეუნარგია, "ქართველი მწერლები". თბ., 1957 წ. გვ 327 (შედგენილი სოლომონ ცაიშელის მიერ, მისივე რედაქციით, წინასიტყვაობითა და შენიშვნებით. ეკატერინეს ეს წერილი შენიშვნებშია დართული
  8. ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს პატრონი გამოუჩნდა // „საქართველოს რესპუბლიკა“, 19.05.2009, № 97.
  9. Деревья и кустарники СССРб т. I.


ბოტანიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ბოტანიკაზე.