შინაარსზე გადასვლა

ვასო გოძიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვასო გოძიაშვილი
დაბადების თარიღი 27 ნოემბერი, 1905
გარდაცვალების თარიღი 27 იანვარი, 1976 (70 წლის)
საქმიანობა თეატრისა და კინოს მსახიობი.
მეუღლე(ები) სესილია თაყაიშვილი

ვასილ (ვასო) დავითის ძე გოძიაშვილი (დ. 14 ნოემბერი [ახ. სტ. 27 ნოემბერი], 1905. თბილისი — გ. 30 იანვარი, 1976, იქვე) — ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1958).

1922–1924 წლებში სწავლობდა თბილისის დრამატურგიულ სტუდიაში აკაკი ფაღავას ხელმძღვანელობით. 1924 წლიდან იყო თბილისის შ. რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი, ხოლო 1930 წლიდან გარდაცვალებამდე — თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი.

გამოირჩეოდა ჭეშმარიტი არტისტიზმით, მკაფიო აქტიორული ინდივიდუალობით, მაღალი პროფესიული ოსტატობით, იმპროვიზაციის დიდი უნარით, სცენური მომხიბვლელობით, მუსიკალურობით, პლასტიკურობით. მის შემოქმედებაში აისახა ქართული თეატრის საუკეთესო ტრადიციები. გოძიაშვილი წარმატებით ასრულებდა როგორც დრამატულ, ისე კომიკურ და გროტესკულ როლებს. მის მიერ შექმნილი ლუარსაბ თათქარიძის სახე („კაცია ადამიანი?!", ი. ჭავჭავაძის მიხედვით) ქართული თეატრის ისტორიაში შევიდა როგორც ქართული სამსახიობო სკოლის ერთ-ერთი ბრწყინვალე მონაპოვარი. აღსანიშნავია სხვა როლები: ახმა (ს. შანშიაშვილის „ანზორი"), ჩეშმაკოვი (ზ. ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში"), ავეტიკა (ა. ცაგარლის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), რუი ბლაზი (ვ. ჰიუგოს „რუი ბლაზი"), არბენინი (მ. ლერმონტოვის „მასკარადი"), ხლესტაკოვი (ნ. გოგოლის „რევიზორი"), მეფე ერეკლე (ლ. გოთუას „მეფე ერეკლე"), რიჩარდ III (შექსპირის „რიჩარდ III"), კეისარი (ბ. შოუს „კეისარი და კლეოპატრა"), ფილიპე (ფ. შილერის „დონ კარლოსი") და სხვ. გოძიაშვილმა თავისსავე დადგმულ სპექტაკლში „ძველი ვოდევილები" (ა. წერეთლის „ბუტიაობა", ა. ცაგარლის „ოინბაზი", ბახუტაშვილის „სასამართლოში") ბრწყინვალედ შეასრულა ტიგრან ოფოფიანცის, არშაკასა და სპექტაკლის წამყვანის – მოხუცი მსახიობის როლები. გოძიაშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარებაში. იყო ესტრადის მსახიობთა I საკავშირო კონკურსის ლაურეატი. წარმატებით მოღვაწეობდა კინოში. შესრულებული აქვს სიკოს („ქეთო და კოტე", 1948), ავეტიკას („რაც 135 გინახავს, ვეღარ ნახავ", 1965) და სხვ. როლები.

გოძიაშვილს მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მ. შ., ლენინის ორდენი, ორი სხვა ორდენი და მედლები. იყო საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის (1952) და საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის (1971) ლაურეატი.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან დიდუბის პანთეონში დასაფლავებულია მისი მეუღლე — ევგენია სამსონის ასული აგაბეკოვა (დ. 1919, თბილისი — გ. 25 მარტი, 1973, იქვე) — პიანისტი, საქართველოს დამსახურებული არტისტი.

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 113, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]