შინაარსზე გადასვლა

ვარნის ჯვაროსნული ლაშქრობა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვარნის ჯვაროსნული ლაშქრობები
უნგრეთ-ოსმალეთის ომების ნაწილი
Battle of Varna 1444
თარიღი ოქტომბერი, 1443 წ. – ნოემბერი,1444 წ.
მდებარეობა სამხრეთ ევროპა (ბალკანეთი)
შედეგი ოსმალების გამარჯვება
მხარეები
* პოლონეთის სამეფო (1385–1569 წწ.) ოსმალეთის იმპერია
მეთაურები
ვლადისლავ III, იანოს ჰუნიადი, ჯურაჯ ბრანკოვიჩი, მირცეა II, ჯულიან ცეზარინი მურად II

ვარნის ჯვაროსნული ლაშქრობა იყო წარუმატებელი სამხედრო კამპანია, რომელიც განახორციელა რამდენიმე ევროპულმა ლიდერმა იმისთვის, რათა შეეჩერებინა ოსმალეთის იმპერიის ექსპანსია ცენტრალურ ევროპაში, განსაკუთრებით ბალკანეთში 1443 და 1444 წლებს შორის. მოსახლეობას მოუწოდა პაპმა ევგენი IV 1443 წლის 1 იანვარს, ხოლო ლაშქრობას ხელმძღვანელობდა ვლადისლავ III, იოანე ჰუნიადი, ტრანსილვანიის ვოივოდე და ჰერცოგი ფილიპ III ბურგუნდიიდან.

ვარნის ჯვაროსნული ლაშქრობა დასრულდა 1444 წლის 10 ნოემბერს ვარნის ბრძოლაში ჯვაროსნების ალიანსზე ოსმალთა გადამწყვეტი გამარჯვებით, რა დროსაც ვლადისლავი და ექსპედიციის პაპის ლეგატი ჯულიან ცეზარინი მოკლეს.

1428 წელს, როდესაც ოსმალეთის იმპერია იბრძოდა ვენეციის რესპუბლიკის და უნგრეთის სამეფოს წინააღმდეგ, მონაწილე მხარეებმა მიაღწიეს დროებით მშვიდობას და შექმნეს სერბული დესპოტია, როგორც ბუფერული სახელმწიფო. როდესაც ომი დასრულდა 1430 წელს,[1][2] ოსმალები დაუბრუნდნენ თავიანთ ადრეულ მიზანს, რათა დაემყარებინათ კონტროლი დუნაის სამხრეთით მდებარე ყველა მიწაზე. 1432 წელს, სულთანმა მურად II გაილაშქრა ტრანსილვანიაში. მას შემდეგ, რაც სიგიზმუნდ I გარდაიცვალა 1437 წელს, შეტევები გახშირდა და ოსმალებმა დაიპყრეს ბორაჩი 1438 წელს, ხოლო ზვორნიკი და სრებრენიცა 1439 წელს. ამავე წლის დასასრულს, სმედერევომ გამოაცხადა კაპიტულაცია და მურადმა სერბეთი აქცია ოსმალთა პროვინციის ნაწილად. სერბეთის დესპოტი ჯურაჯ ბრანკოვიჩი გაიქცა უნგრეთში არსებულ თავის მამულებში. 1440 წელს, მურადმა ალყა შემოარტყა უნგრეთის მთავარი ციხე-სიმაგრის საზღვარს. თუმცა, ციხე-სიმაგრის აღება ჩაიშალა და იგი იძულებული გახდა დაბრუნებულიყო ანატოლიაში, რათა ყარამანიდების შეტევები შეეჩერებინა.[3][4]

სიგიზმუნდის მემკვიდრე ალბრეხტ II გარდაიცვალა 1439 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ, რაც ხელი მოაწერეს „ანტიკური კანონებისა და სამეფოს წეს-ჩვეულებების აღდგენას“. კანონმა შეზღუდა მონარქიული ხელისუფლება, რადგან მოითხოვა მემამულე დიდებულების მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში. ალბრეხტის გარდაცვალებიდან ოთხი თვის შემდეგ, მისი ერთადერთი ვაჟი ლადისლავ პოსტუმი დაიბადა, რა დროსაც უნგრეთი სამოქალაქო ომში იყო ჩართული. 1440 წლის 17 ივლისს, ვლადისლავ III აკურთხეს პოლონეთის მეფედ, მიუხედავად მიმდინარე უთანხმოებისა.[5] იოანე ჰუნიადი ვლადისლავს დაეხმარა იმით, რომ აღმოსავლეთის ქვეყნები დააშოშმინა, რამაც მას მოუტანა ტრანსილვანიის ნადორის პოზიცია. იგი პასუხისმგებელი იყო უნგრეთის სამხრეთ საზღვრის დაცვაზე. 1442 წლის დასასრულს, ვლადისლავმა შეინარჩუნა სტატუსი უნგრეთში და უარი განაცხადა ბელგრადის სანაცვლოდ ოსმალეთის სამშვიდობო წინადადებაზე.[4]

კათოლიკური ეკლესია დიდი ხანი უჭერდა მხარს ჯვაროსნული ლაშქრობის მოწყობას ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ და უნგრეთის სამოქალაქო ომსა და ბიზანტიაში თითქმის პარალელურად მიმდინარე ომის დასრულების შედეგად, მხარეებმა დაიწყეს მოლაპარაკებები და რეალურად დაგეგმეს მოვლენები. ეს იმპულსი მოითხოვდა გეგმების რეალიზებას, რაც განახორციელა ჰუნიადიმ 1441–1442 წლებს შორის. 1441 წელს, ჰუნიადიმ დაამარცხა სმედერევოელი ისჰაკ-ფაშას მიერ მართული ლაშქარი.[3] მან თითქმის გაანადგურა მეზიდ ბეის არმია ტრანსილვანიაში 1442 წლის 22 მარტს და სექტემბერში დაამარცხა რუმელიის გენერალურ-გუბერნატორის შიჰაბედინ ფაშას საპასუხო შეტევა.[4] ბრანკოვიჩმა, რომელიც ცდილობდა სერბეთის გათავისუფლებას, მას შემდეგ, რაც 1441 წელს სერბეთის ძირითადი უკანასკნელი ქალაქი ნოვო ბრდო დაეცა ოსმალებთან წინააღმდეგ ბრძოლაში, მხარდაჭერა აღუთქვა ჯვაროსნულ ლაშქრობას.

ჯვაროსნული ლაშქრობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1443 წლის 1 იანვარს, პაპმა ევგენი IV გამოაქვეყნა ჯვაროსნული ბულა. მაისის დასაწყისში, გავრცელდა უწყება, რომ „თურქები ცუდ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და რომ ადვილი იქნებოდა მათი გაძევება ევროპიდან“. სულთან მურად II-ის წინააღმდეგ ომი გამოცხადდა 1443 წლის ბზობის კვირა დღეს და უმეტესად მადიარი მამაკაცებისგან შემდგარი 40 000-იანი არმიით, ახალგაზრდა მონარქმა, ჰუნიადის დაქვემდებარებით, გადაკვეთა დუნაი და აიღო ნიში და სოფია.[5]

ჯვაროსნები, რომლებსაც ხელმძღვანელობდნენ ვლადისლავი, ჰუნიადი და ბრანკოვიჩი, შეტევაზე გადავიდნენ ოქტომბრის შუა რიცხვებში. ისინი სწორად მოელოდნენ, რომ მურადს არ შეეძლო საკუთარი არმიის დაუყოვნებლივ მობილიზება, რომელიც შედგებოდა, ძირითადად, საფეოდალო მამულებზე დამოკიდებული კავალერიისგან (ტიმარიოტები). შესაბამისად, ისინი მოსავლის მიღების გარეშე, გადასახადებს ვერ გადაიხდიდნენ. 1441–1442 წლებში ჰუნიადის მიერ ზამთრის ლაშქრობებიდან მიღებული გამოცდილება უნგრელების უპირატესობას დაემატა. მათ უკეთესი შეიარაღება ჰქონდათ და ხშირად აღმოაჩენდნენ, რომ ოსმალების იარაღი გამოუსადეგარი იყო. მურადს არ შეეძლო დაყრდნობოდა რუმელიელი ჯარისკაცების ერთგულებას და სირთულეებს განიცდიდა უნგრელთა ტაქტიკებთან დაპირისპირების დროს.[4]

ჯვაროსნებმა ნიშის ბრძოლაში გაიმარჯვეს და რუმელიელი ქასიმ ფაშა და მისი თანამებრძოლი თურაჰან ბეი აიძულეს გაქცეულიყვნენ ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მურადის გასაფრთხილებლად. თუმცა, გზად მიმავლებმა გადაწვეს ყველა სოფელი, რათა ჯვაროსნებისთვის ხელი შეეშალათ გადამწვარი მიწის ტაქტიკით. როდესაც ისინი ჩავიდნენ სოფიაში, სულთანს ურჩიეს ქალაქის გადაწვა და უკან დახევა მთებზე გადასასვლელისკენ, სადაც ოსმალთა მცირე არმია უპირატესობას მოიპოვებდა.

მცირე ხანში ძალიან აცივდა და მომდევნო ბრძოლა გაიმართა 1443 წლის 12 დეკემბერს ზლატიცაში ძლიერი თოვლის პირობებში. ჯვაროსნები ვერ შეხვდნენ ოსმალთა მთავარ არმიას ზლატიცას ბრძოლამდე, რადგან ნანახი ჰქონდათ მხოლოდ ქალაქის გარნიზონი ედირნეში მიმავალ მარშრუტზე.[6] საბოლოოდ, ისინი შეეგებნენ ოსმალთა არმიის ძლიერ და კარგად პოზიციონირებულ თავდაცვით ძალებს ზლატიცაში.[6] ჯვაროსნები დამარცხდნენ.

მიუხედავად ამისა, სახლისკენ მიმავლებმა მოაწყვეს ჩასაფრება და კუნოვიცას ბრძოლაში დაამარცხეს მდევარი ძალა და სულთნის სიძე და დიდი ვეზირის, ჩანდარლი ჰალილ ფაშას ძმა მაჰმუდ ბეი დაატყვევეს.[4] ამ ბრძოლიდან ოთხი დღის შემდეგ, ქრისტიანულმა კოალიციამ მიაღწია პროკუპლეს. ბრანკოვიჩმა ვლადისლავსა და ჰუნიადის შესთავაზა, რომ სერბეთის სიმაგრეებში დარჩენილიყვნენ ზამთრის განმავლობაში და ოსმალთა წინააღმდეგ 1444 წლის გაზაფხულზე გაელაშქრათ. მათ უარყვეს ბრანკოვიჩის წინადადება და უკან დაიხიეს. 1444 წლის იანვრისთვის, ვლადისლავისა და ჰუნიადის ძალებმა მიაღწიეს ბელგრადს,[საჭიროა ციტირება] და ისინი დაუბრუნდნენ ბუდას თებერვლის თვეში, სადაც, როგორც გმირებს, ისე შეეგებნენ.

მაშინ, როცა ზლატიცას ბრძოლა მარცხი აღმოჩნდა, ჩასაფრებულმა ჯვაროსნებმა მთლიანობაში შექმნეს ქრისტიანთა გამარჯვების შთაბეჭდილება და ისინი ტრიუმფით დაბრუნდნენ. მეფე და ეკლესია ღელავდნენ იმის შესახებ, რომ ეს შთაბეჭდილება რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნებულიყო. ისინი იძლეოდნენ სიტყვა გამარჯვების გავრცელების რეკომენდაციას და პირიქით, ყველას უშლიდნენ სიტვა წაგების ხსენებას.[4]

ამასობაში, მურადი გაბრაზებული და დათრგუნული დაბრუნდა თავისი ძალების მიმართ უნდობლობის გამო და დააპატიმრა თურაჰანი მას შემდეგ, რაც იგი არმიის წარუმატებლობასა და მაჰმუდ ბეის დატყვევებაში დაადანაშაულა.[4]

სამშვიდობო წინადადებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პოლონეთის მეფე ვლადისლავ III-ის და იანოშ ჰუნიადის ჯვაროსნული ლაშქრობების ამსახველი რუკა.

როგორც ცნობილია, მურადს მშვიდობის დამყარების ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა. სხვა საკითხებთან ერთად, ვეზირის და ეხვეწებოდა, რომ მისი ქმარი მაჰმუდი გაეთავისუფლებინა, ხოლო ჯურაჯ ბრანკოვიჩის ქალიშვილი, რომელიც, ამავდროულად, მისი ცოლი იყო, დამატებით ზეგავლენას ახდენდა მასზე. 1444 წლის 6 მარტს, მარამ გააგზავნა დესპანი ბრანკოვიჩთან; მათმა დისკუსიამ სათავე დაუდო სამშვიდობო მოლაპარაკებებს ოსმალეთის იმპერიასთან.[4]

1444 წლის 24 აპრილს, ვლადისლავმა წერილი გაუგზავნა მურადს, რომელშიც აცხადებდა, რომ ელჩი სტოიკა გისდანიჩი სულთნის სახელით ჩავიდა ედირნეში, რათა მოლაპარაკებები ეწარმოებინა. როდესაც მხარეებს შორის შეთახნმება შედგა, მურადმა გააგზავნა თავისი ელჩები და საფიცარი, რა მომენტშიც ვლადისლავსაც შეეძლო ფიცის დადება.[4]

იმავე დღეს, ვლადისლავმა გამართა შეკრება ბუდაში, სადაც კარდინალ ჯულიან ცეზარინის წინაშე დადო ფიცი, რომ ახალ ლაშქრობას მოაწყობდა ზაფხულში ოსმალების წინააღმდეგ. ვლადისლავის უკანასკნელი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი, რომელიც პრეტენზიას აცხადებდა ტახტის დაკავებაზე, ასევე დაეთანხმა ამ წინადადებას. ამდენად, მორიგი სამოქალაქო ომის დაწყების საფრთხე მოიხსნა.[4]

შეთანხმების დადების მიზნით მოლაპარაკებები დაიწყო 1444 წლის ივნისსა და აგვისტოში, თავდაპირველად ედირნეში, ხოლო მოგვიანებით –

სეგედში. მთლიანობაში, ჯვაროსნები არ იყვნენ დაინტერესებული მშვიდობით, განსაკუთრებით იმით, რომ ცეზარინი მოუწოდებდა ჯვაროსნებს ლაშქრობების გაგრძელებისკენ. საბოლოოდ, კარდინალმა იპოვა გამოსავალი, რომელიც ბრძოლის გაგრძელებისა და ხელშეკრულების რატიფიცირების საშუალებას მისცემდა მხარეებს. ამდენად, 1444 წლის 15 აგვისტოს ძალაში შევიდა სეგედის ზავი.

მცირე ხანში მას შემდეგ, რაც ხელშეკრულების მოკლევადიანი მოთხოვნები შესრულდა, უნგრელებმა და მათმა მოკავშირეებმა განაახლეს ჯვაროსნული ლაშქრობა. მეფე ვლადისლავმა შეკრიბა არმია, რომელიც უმეტესად უნგრელი რეგულარული მეომრებისგან, პოლონეთის, ტრანსილვანიის, ხორვატიის, ბოსნიის, დასავლეთ ევროპის კავალერიის მძიმე შენაერთების და აღმოსავლეთ ევროპის დაქირავებულებისგან შედგებოდა. გაერთიანებული არმიები მოიცავდა 16 000 მეომარს, რომელთაც ნიკოპოლისის ადგილებში შეუერთდა 4 000 ვლახელი. მალევე, რაც მურადი გადადგა შეთანხმების დასრულების შემდეგ, კვლავ უკან მოუხმეს ოსმალთა არმიის სამართავად. 1444 წლის 10 ნოემბერს, ორივე არმია ერთმანეთს შეეტაკა ვარნის ბრძოლაში (ბულგარეთის ქალაქ ვარნის შავი ზღვის ციხე-სიმაგრის მახლობლად). ოსმალებმა გაიმარჯვეს გადამწყვეტ ბრძოლაში მძიმე დანაკარგების მიუხედავად, ხოლო ჯვაროსნებმა დაკარგეს მეფე ვლადისლავი და დაახლოებით 15 000 მამაკაცი.[7][8]

ომისშემდგომი ვითარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მრავალი ჯვაროსანი გაიყინა და გარდაიცვალა მცირე შეტაკებების დროს, ხოლო მრავალი ევროპელიც შეიპყრეს. უნგრეთი გაეხვა სამოქალაქო ომში, სანამ ჰუნიადი არ აირჩიეს მცირეწლოვანი ლადისლავის რეგენტად 1446 წლის ივნისში. ბრანკოვიჩმა შეინარჩუნა კონტროლი სერბეთზე.

ოსმალების გამარჯვებას ვარნაში მოჰყვა მათი მორიგი გამარჯვება 1448 წელს კოსოვოს მეორე ბრძოლაში, რამაც ევროპულ სახელმწიფოებს გადაათქმევინა 1453 წელს კონსტანტინოპოლის დაცემის დროს ბიზანტიისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების გაგზავნა. მიუხედავად იმისა, რომ პიუს II ოფიციალურად გამოაცხადა 3 წლიანი ჯვაროსნული ლაშქრობა მენტუას საბჭოში, რათა ოსმალებისგან კონსტანტინოპოლი გაეთავისუფლებინა, ლიდერებმა, რომლებიც მას 80 000 მეომარს დაჰპირდნენ, უარყვეს თავიანთი ვალდებულებები.[9] ოსმალეთის იმპერია თავისუფლად არსებობდა უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში და არავითარი სერიოზული მცდელობა არ იყო მისი ევროპიდან გაძევების.[4]

ვარნის ჯვაროსნული ლაშქრობის დასასრული დაეფუძნა Paradox Development Studio-ის მიერ გრანდიოზულ სტრატეგიულ ვიდეო-თამაშს Europa Universalis IV-ს, კერძოდ, ვარნის ბრძოლიდან ერთი დღის შემდეგ, 1444 წლის 11 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს.

  1. Ganse, Alexander. (June 6, 2005) History of Warfare. World History at Korean Minjok Leadership Academy|KLMA. ციტირების თარიღი: 2007-05-19
  2. Stearns, Peter N.; et al., eds. (June 2002). „5. Venice“. The Encyclopedia of World History: Ancient, Medieval, and Modern (6th ed.). New York: Bartleby.com. ISBN 0-395-65237-5. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-07-05. ციტირების თარიღი: 2007-05-19.
  3. 3.0 3.1 Sugar, Peter (1977). „Chapter 1: The Early History and the Establishment of the Ottomans in Europe“, Southeastern Europe Under Ottoman Rule, 1354–1804. University of Washington Press. 
  4. 4.00 4.01 4.02 4.03 4.04 4.05 4.06 4.07 4.08 4.09 4.10 Imber, Colin (July 2006). „Introduction“, The Crusade of Varna, 1443-45. Ashgate Publishing, გვ. 9–31. ISBN 0-7546-0144-7. 
  5. 5.0 5.1 „Wladislaus III“. Classic Encyclopedia (Reprint of Encyclopædia Britannica Eleventh Edition ed.). ციტირების თარიღი: 2007-05-19.CS1-ის მხარდაჭერა: დამატებითი ტექსტი (link)
  6. 6.0 6.1 Fine, John V. A.; Fine, John Van Antwerp (1994) The Late Medieval Balkans: A Critical Survey from the Late Twelfth Century to the Ottoman Conquest. University of Michigan Press, გვ. 548. ISBN 0-472-08260-4. 
  7. Ervin Liptai, Magyarország hadtörténete, ISBN 963-326-337-9
  8. Csaba Csorba-János Estók-Konrád Salamon, Magyarország képes története, ISBN 963-548-961-7
  9. Madden, Thomas F. (2006). „9“, The New Concise History of the Crusades. Rowman & Littlefield, გვ. 202. ISBN 978-0-7425-3823-8.