აირი
აირი, გაზი (ფრანგ. gaz) — ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობა, რომელშიც მისი ნაწილაკები ერთმანეთთან ძალიან სუსტად არიან დაკავშირებული ურთიერთქმედების ძალებით, თავისუფლად მოძრაობენ და ავსებენ მათთვის დათმობილ სივრცეს. ნივთიერება აირისებრ მდგომარეობაში ფართოდაა გავრცელებული ბუნებაში. აირები ქმნიან ატმოსფეროს; არის მყარ ქანებში, ოკეანის, ზღვისა და მდინარის წყლებში.; მზე, ვარსკვლავები, ვარსკვლავთშორისი ნივთიერების ღრუბლები შედგება ნეიტრალური ან იონიზებული აირებისაგან. ბუნებრივ პირობებში აირი ინდივიადუალური აირების ნარევია.
აირს საკუთარი ფორმა და მოცულობა არა აქვს; იმ ჭურჭლის მოცულობასა და ფორმას ღებულობს, რაშიც არის მოთავსებული. აირის მოცულობა და წნევა არსებითად დამოკიდებულია ტემპერატურაზე. ჩვეულებრივ პირობებში (0 — 100 °C) აირის მოცულობითი გაფართოების კოეფიციენტი მეტია, ვიდრე სითხისა და საშუალოდ 0.003663 გრად–1 უდრის. აირის სიმკვრივე ნორმალურ პირობებში გაცილებით (1000-ჯერ) ნაკლებია იმავე ნივთიერების სიმკვრივეზე მყარ ან თხევად მდგომარეობაში, მაგრამ ატმოსფერულზე 1017-ჯერ ნაკლები წნევის დროს აირის სიმკვრივე 10–20 გ/სმ3. კოსმოსურ პირობებში აირის სიმკვრივე შეიძლება უფრო ნაკლები იყოს (10–30 გ/სმ3). მეორე მხრით, გარეშე მაღალი წნევის გავლენით შეიძლება შედარებით დიდი სიმკვრივის აირის მიღება. თუ აირის ტემპერატურას გარკვეულ მნიშვნელობამდე შევამცირებთ (ყოველი აირისთვის არსებობს თავისი კრიტიკული ტემპერატურა), მაშინიგი შეიძლება თხევად ან მყარ მდგომარეობაში გადავიდეს. ნივთიერება, რომელიც ზეკრიტიკულ ტემპერატურაზე შეიძლება აირად ჩავთვალოთ, მაღალი წნევის დროს უზარმაზარის იმკვრივით ხასიათდება (მაალითად, ზოგიერთი ვარსკვლავის ცენტრში 109 გ/სმ3). პირობების მიხედვით იცვლება აგრეთვე აირის თბოგამტარობა, სიბლანტე და სხვა.
აირის ნაწილაკები (მოლეკულები ან ატომები) განუწყვეტლივ მოძრაობენ ქაოსურად. აირთა თვისებები აიხსნება ქაოსურად მოძრავი მოლეკულების ურთიერთქმედებით. აირს, რომლის მოლეკულები შეიძლება ჩავთვალოთ არაურთიერთქმედ მატერიალურ წერტილებად, ეწოდება იდეალური აირი. იდეალური აირისთვის მართებულია ბოილ-მარიოტის კანონი, გეი-ლუსაკის კანონი და ავოგადროს კანონი. სიმკვრივის გაზრდისას იცვლება აირის თვისებები — იგი აღარ შეიძლება ჩაითვალოს იდეალურ აირად. არაიდეალური, ანუ როგორც ხშირად უწოდებენ, რეალური აირის თერმოდინამიკური თვისებების შესწავლისას სარგებლობენ მდგომარეობის სხვადასხვა განტოლებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 237.