ბუდუ მდივანი
ბუდუ მდივანი ნამდვილი სახელი პოლიკარპე მდივანი (დ. 1877 — გ. 10 ივლისი, 1937) — ქართველი ბოლშევიკი, რევოლუციონერი, პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე, იყო საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრის, სიმონ მდივნის ძმა. 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის ერთ-ერთი შემოქმედი. 1937 წელს, „დიდი წმენდის“ დროს, დახვრიტეს.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში, საიდანაც გაირიცხა რევოლუციური საქმიანობის გამო 1899 წელს. რსდმპ(ბ) წევრი 1903 წლიდან. 1905–1907 წლებში ეწეოდა აქტიურ რევოლუციურ მოღვაწეობას. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ებმება სამხედრო საქმიანობაში. 1918 წლის 30 ნოემბრიდან 1919 წლის 13 თებერვლამდე კასპია-კავკასიის ფრონტის მეორე ფორმაციის მე-11 არმიის სამხედრო რევოლუციური საბჭოს წევრი, შემდეგ მე-10 არმიის პოლიტიკური განყოფილების უფროსი. 1920–1921 წლებში საქართველოს კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე და რკპ(ბ) კავკასიის ბიუროს წევრი. 1921 წლის 19 თებერვლიდან მაისამდე რსფსრ-ს სრულუფლებიანი წარმომადგენელი თურქეთის ახალ მთავრობაში. 1921 წლის ივლისიდან 1922 წლის თებერვლამდე საქართველოს რევკომის თავმჯდომარე და ამიერკავკასიის საკავშირო საბჭოს თავმჯდომარე. 1922 წლის მარტიდან აპრილამდე საქართველოს სსრ-ს სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე. მხარს უჭერდა სსრკ-ში საქართველოს სრ-ს პირდაპირ გაწევრიანებას და არა ამიერკავკასიის ფედერაციის მეშვეობით. ამ პოზიციის გამო უწოდეს ნაციონალ-უკლონისტი. 1924 წლიდან ინიშნება საბჭოთა კავშირის სავაჭრო წარმომადგენლად საფრანგეთში. ოპოზიციური მოღვაწეობის გამო, 1928 წელს უკან გამოიწვიეს, გაათავისუფლეს ყველა დაკავებული თანამდებობიდან, გარიცხეს პარტიიდან და გადაასახლეს ციმბირში 3 წლით. 1931 წელს განაცხადა ოპოზიციური მუშაობის შეწყვეტის შესახებ და მოინანია შეცდომები. 1936 წლამდე ეკავა საქართველოს სსრ-ს სახკომსაბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა. 1936 წელს ისევ დააპატიმრეს „ტროცკისტულ-ჯაშუშური ცენტრის“ მუშაობაში მონაწილეობის ბრალდებით. 1937 წლის 9 ივლისს საქართველოს უმაღლესმა სასამართლომ მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა. დახვრიტეს მეორე დღესვე.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბუდუ მდივანი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- Орлов А. Тайная история сталинских преступлений.- СПб,1991
- Торчинов В. А., Леонтюк А. М. Вокруг сталина: историко-биографический справочник.- СПб,2000.
- 1000 биографий. 2000.