შინაარსზე გადასვლა

ბაბიზმი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაბის სალოცავი

ბაბიზმი — ბაბიდების სექტის რელიგიური მოძღვრება (სპარსულად بابیه‎,)[1], შეიქმნა ბაბის მიერ 1844 წლის 24 მაისს ირანში. ამჟამინდელი შეფასებით მას არა უმეტეს რამდენიმე ათასი მიმდევარი ჰყავს, რომელთა უმეტესობა კონცენტრირებულია ირანში. ამოსავალია შიიტური მოძღვრება იმამისა და მაჰდის შესახებ[2]. ბაბიზმი კაცობრიობის განვითარებას ჰყოფდა საფეხურებად, რომელთაგან თითოეულს შეესაბამებოდა გარკვეული რელიგია. ბაბიზმი ისლამს აცხადებდა დრომოჭმულად და ახალი ეპოქის სახელმძღვანელო პრინციპად ბაბის საღვთო წიგნს „აღსარებას“ მიიჩნევდა. ირანში ბურჟუაზიულ ურთიერთობა აისახა ბაბიდების ქადაგებებში ადამიანთა თანასწორობის, პიროვნებისა და ქონების პიროვნებისა და ქონების დაცვის, ბაბიდთა წმინდა სამეფოს შექმნის შესახებ. ამ სამეფოდან , ბაბიზმის მოთხოვნით უნდა განედევნათ არაბაბიდები და მათი ქონება გაენაწილებინათ ბაბიდებს შორის. ეს ვაჭართა ინტერესებს შეესაბამებოდა. ბაბისტურ მოძრაობაში დიდი როლი შეასრულა ქალმა ზაჰრე-ხანუმმა. ის იყო ერთ-ერთი ხელმძღვანელთაგანი, რომელიც ქალთა ემანსიპაციის უფლებებს ითხოვდა, ასევე მრავალცოლიანობისა და ქალების დამამცირებელი სხვა მუსლიმური ჩვეულებების გაუქმებას.ბაბიზმის დემოკრატიულმა ელემენტებმა განვითარება პოვა ბაბის მოწაფეების-მოჰამედ ალი ბარფორუშის, ყორათ ოლ-ჟინის და სხვ. ქადაგებებში გადასახადების გაუქმების, კერძო საკუთრების საზოგადოებრივ საკუთრებად გადაქცევის, ქალების მამაკაცებთან უფლებრივი გათანაბრების შესახებ. ბაბიდების აჯანყებების მარცხის შემდეგ ბაბის ძმამ და მიმდევარმა ბაჰაულამ ბაბიზმს დემოკრატიული შინაარსი ჩამოაცილა და შექმნა კოსმოპოლიტური მოძღვრება ბაჰაიზმი. თავდაპირველად ბაბის მიმდევრებს აზალიტები ეწოდათ.[3]

ბარაკის მოედანი თავრიზში, სადაც ბაბი სიკვდილით დასაჯეს

ნამდვილი სახელი საიდ ალი მუჰამადი (20.10.1819-09.07.1850). შირაზელი ვაჭარი. თავდაპირველად იგი შეიხიტების შიიტური სექტის წევრი იყო, რომელიც ქადაგებდა მუსლიმთა მესიის მაჰდის მოსვლას. 1844 წელს თავი გამოაცხადა ჭიშკრად (ბაბი), რაც ნიშნავდა თავისებურ შუამავალს, კარიბჭეს ალაჰსა და მორწმუნეებს შორის. მისი საშუალების ალაჰის ნება უნდა ხალხამდ მისულიყო. ალი ასევე აგრძელებდა შეიხიტების სექტის ხელმძღვანელის სეიდ კაზემ რეტშის საქმეს. ეს უკანასკნელი ითვლებოდა მოსასვლელი მეთორმეტე იმამის წინამორბედად.

ბაბმა დამთავრებულად გამოაცხადა ყურანსა და შარიათზე დამყარებული კანონებსი ბატონობა. წამოაყენა მოქალაქეთა თანასწორობის პრინციპი-ადამიანთა უფლებების დაცვა, რითაც სწრაფად გახდა პოპულარული. ის აცხადებდა, რომ როგორც მოციქულის მემკვიდრე მოწოდებული იყო ახალი კანონების საუწყებლად. მის მოძღვრებაში დიდი ადგილი ეთმობოდა მისტიციზმის პრინციპებს. ბაბიზმი უარყოფდა ექსპლუატაციას და შიიტი სამღვდელოების თვითნებობას. ამ დროს დიდი უფლებები მოიპოვეს ადგილობრივმა ვაჭრებმა. ქვეყნიდან იდევნებოდნენ უცხოელი მოვაჭრენი. რაც შეეხება რელიგიას, ბაბმა გაამარტივა ისლამური კულტი, შეამცირა ლოცვების რაოდენობა.

1847 წელს ბაბი დააპატიმრეს. ციხეში დაწერა წიგნი „აღსარება“, რომელშიც გადმოცემული იყო ბაბიზმის პრინციპები. 1850 წელს შაჰის ბრძანებით ის სიკვდილით დასაჯეს თეირანში.[4] პროტესტის ნიშნად ბაბისტურმა მოძრაობამ მოიცვა მთელი ირანი, მაგრამ რადგანაც უშუალო ხელმძღვანელი აღარ იყო,მოძრაობა თანდათან შესუსტდა.

ბაბიდების აჯანყებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახალხო ანტიფეოდალური აჯანყებები ირანში 1848-1852 წლებში. მიმართული იყო უცხო კაპიტალის შემოჭრის წინააღმედ. აჯანყებებში აქტიურად მონაწილეობდნენ გლეხები, ხელოსნები, ქალაქის ღატაკი ფენები და წვრილი ვაჭრები. ხელმძღვანელები იყვნენ სამღვდელოების დაბალი ფენიდან და წვრილი ვაჭრთა წრიდან გამოსული ბაბიდების სექტის წევრები. აჯანყებულთა მთავარი მოთხოვნა იყო თემური საკუთრების აღდგენა. ბაბიდების აჯანყების მონაწილეები მიზნად ისახავდნენ სამართლიანობისა და თანასწორობის სამეფოს შექმნას, სადაც არ იქნებოდა ადამიანის ექსპლუატაცია. ბაბიდების პირველი აჯანყება მოხდა მაზანდარანში 1848 წლის სექტემბერში. მოლების მოჰამედ ალი პარფორუმისა და ჰუსეინ ბოშრუს ხელმძღვანელობით. 2000 აჯანყებულმა შექმნა გამაგრებული ბანაკი ქალაქ ბარფორუმის სამხრეთ-აღმოსავლეთით. მათ სცადეს თავიანთი იდეების პრაქტიკაში განხორციელება-შემოიღეს ქონებრივი თანასწორობა. 1849 წლის მაისში აჯანყება ჩაახშვეს. მეორე აჯანყებას (1850 წელს ივნის-დეკემბერში ზანჯანში) შაჰის ჯარები სასტიკად გაუსწორდნენ. მესამე აჯანყების (1850 წლის ივნისში ) ჩაქრობის შემდეგ ბაბიდების რაზმები ფარსის მთებში განაგრძობდნენ შეიარაღებულ ბრძოლას. 1852 წლის აგვისტოში ბაბიდებმა უშედეგოდ სცადეს მოეკლათ შაჰი -ნასრ ედ-დინი. ხელისუფლებამ ბევრი მათგანი სიკვდილით დასაჯა.

  • ისლამი, გამომცემლობა „კანდელი“, თბ., 1998
  1. Browne, Edward Granville (1911), "Bábíism", in Chisholm, Hugh (ed.), Encyclopædia Britannica, 3 (11th ed.), Cambridge University Press, pp. 94–95
  2. Saledi Nader.(2008).Gate of The Heart. Understanding the writings of The Bab. Canada: Wilfrid Laurier University Press. ISBN 978-1-55458-056-9.[მკვდარი ბმული]
  3. "Azali" Britannica Concise Encyclopedia. 2006. Encyclopædia Britannica. Archived from the original on 2 May 2006.
  4. . Smith, Peter (2000) "Bab". A conscise encyclopedia of the Baha'i Faith. Oxford: Oneworld Publications. pp. 55–59. ISBN 978-1-85168-184-6.[მკვდარი ბმული]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბაბიზმი“-დან