შინაარსზე გადასვლა

ალადასტური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალადასტური
ვაზი (Vitis)

ალადასტურის ხეივანი გალაქტიონის სახლმუზეუმში
ყურძნის ფერი მუქი იისფერი
სახეობა Vitis vinifera
ალტ. სახელი ანადასოული
გავრცელების რეგიონები გურია, იმერეთი
იდეალური ნიადაგი თიხნარი, ქვიშნარი
საფრთხეები ნაცარი
ყვავილის სქესი ჰერმაფროდიტი
VIVC ნომერი 211

ალადასტური — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში გურიიდან. გავრცელებულია ასევე ქვემო იმერეთში.

სამეურნეო დანიშნულებით საღვინე მიმართულებისაა. ალადასტურისგან დაყენებული ღვინო მაღალი ხარისხისაა, ხასიათდება ლამაზი შეფერვით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ჰარმონიული შეფარდებით, კარგი სხეულითა და ჯიშური არომატით. ყურძნის გადამწიფებისას ალადასტურის პროდუქცია გამოიყენება მაღალხარისხიანი, ნახევრად ტკბილი ღვინოების დასამზადებლად. ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა — დასავლეთ საქართველოს რაიონებში ყურძენი ოქტომბრის ბოლო რიცხვებში მწიფდება. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 19,5-21,5%-ს, ხოლო მჟავიანობა - 8,5-9,4 გ/ლ-ს.

ალადასტური, როგორც ბოტანიკური ნიშნებით, ისე აგრობიოლოგიური თვისებებით კოლხეთის ვაზის კერის ტიპური წარმომადგენელია. ამის დამადასტურებელია ვაზის ძლიერი ზრდა და მაღალ ხეებზე ახოხების დიდი უნარი, ფოთლის დანაკვთულობა და შებუსვის ინტენსივობა, მარცვლის კანის სისქე და კონსისტენცია, ყურძნის გვიან დამწიფება და სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა. ალადასტური ჩამოყალიბებულია კოლხეთის ეკოლოგიურ პირობებში და იგი გავრცელდა ძირითადად ზემო გურიისა და ქვემო იმერეთის ტერიტორიაზე. როგორც ისტორიულად, ისე ამჟამადაც იგი ფართო ნარგავების სახით მხოლოდ ამ მხარეშია წარმოდგენილი. ალადასტურის მცირეოდენი ნარგავები გვხვდება აგრეთვე შუა იმერეთსა და სამეგრელოს მთიან რაიონებშიაც.

ვაზი პირველ ნიშანს იძლევა დარგვიდან მესამე წელს, ზოგჯერ მეორე წელსაც. სრულ მოსავალს იძლევა მეხუთე წლიდან. ალადასტურმა უხვი მოსავალი იცის და ჰექტარზე საშუალოდ 90-105 ცენტნერით განისაზღვრება. მოსავალს ჩვეულებრივ ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში კრეფენ. მისი შაქრიანობა 21,5%-ს არ აღემატება. უფრო ხშირად კი 19-20%-ია. ღვინო ხასიათდება შემდეგი მაჩვენებლებით: ჰარმონიული, სპეციფიკური ჯიშური გემო, ოდნავ მომეტებული მჟავიანობა. ღვინო ახლო მანძილზე ტრანსპორტირებას ადვილად იტანს და თავის ტიპიურობას და გემურ თვისებებს 3-5 წლის მანძილზე უცვლელად ინარჩუნებს. ალადასტური თავისი სამეურნეო დანიშნულებით მიეკუთვნება ადგილობრივი მნიშვნელობის საღვინე და სუფრის ყურძნის ჯიშთა ჯგუფს, რომელსაც პროდუქციის საკმაოდ მაღალ მაჩვენებლებთან ერთად ახასიათებს ღონიერი ზრდა-განვითარება, ეკოლოგიური პირობების მიმართ ადვილად შეგუების უნარი და უხვი მოსავლიანობა.

სოკოვან დაავადებებიდან ალადასტური საკმაოდ კარგად უძლებს ჭრაქს, თუმცა ძალიან ადვილად ზიანდება ნაცრისაგან. ამიტომ მისი ყვავილობისა და მარცვლის გამოხორბვლის პერიოდში ნაცრის წინააღმდეგ წამლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. კირის საკმაო რაოდენობით შემცველ თიხნარ-ქვიშნარ ნიადაგებზე ალადასტური გაცილებით მაღალხარისხოვან პროდუქციას იძლევა, ვიდრე უკირო ეწერი ტიპის ნიადაგებზე.

როგორც ქართველი ამპელოგრაფების კვლევებით დადგინდა, ალადასტურის მტევანი საშუალოდ 200 გრამს (საშუალო მოცულობის მტევანია) იწონის. ინახება გაზაფხულამდე, ტრანსპორტაბელურია. მისგან აყენებენ წითელ ღვინოს, რომელსაც ალკოჰოლისა და მჟავიანობის ჰარმონიული შეფარდება, საშუალო სხეულიანობა და სასიამოვნო სურნელება აქვს. გადამწიფებული ყურძნისაგან მზადდება მაღალხარისხოვანი, ნახევრად ტკბილი ღვინო “ალადასტური“.

ქართულ ლიტერატურასა და ხალხურ ფოლკლორში ისე ფართოდ ქართული ვაზის ალბათ არც ერთი ჯიში არ დამკვიდრებულა, როგორც ალადასტური. ალადასტური შეგხვდებათ ისტორიულ წყაროებში, ლექსებში, პოემებში, სიმღერებში, ხალხურ თქმებსა და ანდაზებშიც კი. ეს მაშინ, როდესაც ალადასტურის გავრცელების არეალი სხვა ქართულ ჯიშებზე (მაგალითად: რქაწითელი, ცოლიკოური, საფერავი და სხვა) უფრო მცირე იყო და ძირითადად დასავლეთ საქართველოს, განსაკუთრებულად კი, გურია-იმერეთს მოიცავდა.

ჯიშის დასახელება — ალადასტური, არაბული სიტყვათშეთანხმებითაა მიღებული (ალაჰ დასტურ), რაც ალაჰის თანხმობას ნიშნავს. არსებობს მოსაზრება, რომ მიუხედავად რელიგიური აკრძალვებისა, საქართველოში მოსულ არაბ დამპყრობლებს ალადასტური ძალიან მოეწონათ და ამ ღვინის სიყვარულის გამო, თავის გასამართლებლად თქვეს, რომ ეს ისეთი კარგი ღვინოა, ამის დალევაზე ალაჰმაც კი მოგვცა დასტურიო.

წერილობითი ცნობები ალადასტურის წარმოშობის შესახებ არ მოგვეპოვება. მისი მეტად მოკლე აღწერილობა მოცემული აქვთ ე. ნაკაშიძეს და გ. შარაშიძეს (6,7). ამათგან პირველი ავტორის მიხედვით ალადასტური მდარე ღვინის მოცემ ვაზთა ჯგუფს მიეკუთვნება, ხოლო მეორე ამ ჯიშს ათავსებს გურიის ექვს საუკეთესო ვაზის ჯიშთა სიაში. გურიის ვაზის აბორიგენულ ჯიშთა შორის ალადასტური წარსულში ფართოდ იყო გავრცელებული. განსაკუთრებით დიდ მასივებად იყო იგი წარმოდგენილი გურიის აღმოსავლეთ ნაწილში, იმერეთის მოსაზღვრე ტერიტორიაზე. ვაზები გაშენებული იყო მაღლარად საკუთარ ძირზე და მიუხედავად მოუვლელობისა ვაზის ზრდა-განვითარება, მოსავალი და პროდუქციის ხარისხიც სავსებით დამაკმაყოფილებელი იყო. ადგილობრივი მოსახლეობა მის პროდუქციას ძირითადად იყენებდა ადგილობრივი მნიშვნელობის სუფრის ღვინის დასამზადებლად ან საკუპაჟე მასალად, აგრეთვე ინახავდა ყურძნად მთელი ზამთრის განმავლობაში. გურული გლეხკაცის ოჯახში საჭმელ ყურძნად ზამთარში ძირითადად ალადასტურს იყენებდნენ. ალადასტური ფართოდ იყო გავრცელებული აგრეთვე ქვემო იმერეთის ზონაში, კერძოდ ისტორიული საჩინოს მხარის, დღევანდელი ვანის მუნიციპალიტეტის (ასევე სამტრედიის მუნიციპალიტეტის გომის თემის) მთისპირა სოფლებში, სადაც მისგან ამზადებდნენ ადგილობრივი მნიშვნელობის საკმაოდ კარგ სუფრის წითელ ღვინოს. სოკოვან ავადმყოფობათა და შემდეგ ფილოქსერის მავნე მოქმედების შედეგად ალადასტურის მაღლარები მასობრივად განადგურდა. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სხვა ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით იგი უფრო მეტი რაოდენობით შემორჩა გურიისა და ქვემო იმერეთის რაიონებში. როგორც წარსულში, ისე ამჟამადაც ადგილობრივი მოსახლეობა ალადასტურის გავრცელებას ყურადღებით ეპყრობა. დასახელებულ რაიონებში ეს ჯიში საკმაოდაა წარმოდგენილი როგორც მაღლარად, საკუთარ ძირზე, ისე დაბლარად, ნამყენების სახით. ადგილობრივი მოსახლეობა ამჟამად მის ყურძენს იყენებს როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის წითელი სუფრის ღვინის დასამზადებლად, ისე საკუპაჟე მასალად, იზაბელასთან შესარევად ამ უკანასკნელის საგემოვნო თვისებების გასაუმჯობესებლად. აგრეთვე მის ყურძენს ინახავენ აკიდოებად საზამთროდ.

1953 წელს ვენახების აღწერის მასალების მიხედვით ალადასტურის ფართობი დასავლეთ საქართველოში შეადგენდა სულ 60,81 ჰექტარს. აქედან მაღლარია 45,22 ჰექტარი, ხოლო დაბლარი 15,59 ჰექტარი. აღნიშნული ფართობი ცალკეული რაიონების მიხედვით შემდგენაირადა განაწილებული.

რაიონი ფართობი (ჰა) დაბლარი (ჰა) მაღლარი (ჰა)
ვანის რაიონი 21.04 12.50 8.54
სამტრედიის რაიონი 27.64 0.4 27.24
ჩოხატაურის რაიონი 9.42 0.03 9.39
ქუთაისის რაიონი 1.24 1.19 0.05
ქ. ქუთაისი 0.01 0.01
მაიაკოვსკის რაიონი 1.17 1.17
წყალტუბოს რაიონი 0.1 0.1
ზესტაფონის რაიონი 0.06 0.06
ჩხოროწყუს რაიონი 0.04 0.04
მახარაძის რაიონი 0.04 0.04
ბათუმის რაიონი 0.02 0.02
ცხაკაიას რაიონი 0.02 0.02
ქედის რაიონი 0.01 0.01

აღმოსავლეთ საქართველოში ალადასტურს ხშირად შეცდომით აიგივებენ მოლდოვაში გამოყვანილ ჰიბრიდულ ვაზის ჯიშთან — მოლდოვანკასთან, რომელიც გემოვნური თვისებებით მცირედით ჩამოგავს ალადასტურს, თუმცა რეალურად მათ საერთო არაფერი აქვთ. მოლდოვანკა გამოყვანილია მოლდავეთის კვლევით ინსტიტუტში, პროფესორ სავინის ხელმძღვანელობით. მეოცე საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში, მოლდოვანკა შემოიტანეს სოფელ ქანდის მეურნეობაში საიდანაც გავრცელდა მთლიანად აღმოსავლეთ საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ღვინოს აყენებენ, მოლდოვანკა სტანდარტული სუფრის ყურძენია, აქვს იისფერში გარდამავალი მუქი წითელი შეფერილობა.

ბოტანიკური და მორფოლოგიური აღწერილობით, ასევე, ორგანო ლეპტიკური მაჩვენებლებით ეს ჯიში სრულიად განსხვავდება ალადასტურისაგან. კერძოდ, ალადასტურის მარცვლები საშუალო ზომისაა და მცირედ ოვალური, მოლდოვანკას კი დიდი მოგრძო მარცვლები აქვს, ასევე ალადასტურის შემთხვევაში მარცვალს კანი აქვს მკვრივი მოლდოვანკასთან შედარებით; ალადასტურს ფოთლის შებუსვა გააჩნია როგორც ზედა მხარეს, ასევე უფრო მეტად ქვედა მხარეს, მოლდოვანკას შემთხვევაში ფოთოლი აბსოლუტურად შიშველია, მას შებუსვა არ გააჩნია; ალადასტურის მტევანი 200 გრამამდე იწონის, ხოლო მოლდოვანკას მტევანი საკმაოდ დიდია, ხშირად 500 გრამსაც აღწევს, ასევე მტევნის მოყვანილობა განსხვავდება ალადასტურის მოყვანილობისგან. რაც შეეხება თვითონ ღვინოებს, როგორც ორგანო ლეპტიკური მაჩვენებლებით, ასევე მათგან დამზადებული ღვინოებიც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.

  • რამიშვილი მ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 259.
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 26
  • შარაშიძე გ., ექვსი საუკეთესო გურული ყურძნის ჯიშის ამპეოლოგია // „გურიის წარსულიდან“, თბილისი, 2006 [1930]. — გვ. 179-180, ISBN 99940-62-66-2.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]